29 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
"ევროკავშირის ცალკეული ჩინოვნიკების ხელში, საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნა ზეწოლისა და შანტაჟის მექანიზმი გახდა" - დავით მათიკაშვილი

"ქართული ოცნების" წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საჭიროა საზოგადოებამ ფაქტების მიმართ დამოკიდებულების საკითხი კიდევ ერთხელ გამოკვეთოს, რადგან ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული ძალების მოქმედებები სრულად აღქმებზეა დაფუძნებული და ფაქტები არავის აინტერესებს.

მათიკაშვილის განმარტებით, "ევროკავშირის ცალკეული ჩინოვნიკების ხელში, საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნა, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდეგი ნაბიჯია, ზეწოლისა და შანტაჟის მექანიზმი გახდა".

"ჩვენმა საზოგადოებამ, ერთხელ და სამუდამოდ, ფაქტების მიმართ დამოკიდებულების საკითხი კიდევ ერთხელ უნდა გამოკვეთოს. მთელი პროცესი რადიკალური ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების ქვეყნის ფარგლებს გარედან არის სწორედ აღქმებზე დამოკიდებული და სიმართლე არავის არ აინტერესებს. ამიტომ, მე ძალიან მოკლედ შევეცდები პუნქტობრივად ჩამოვაყალიბო ის, თუ რა არის სიმართლე, საიდან მოვდივართ და რა მოვლენასთან გვქონდა გუშინ საქმე.

სიმართლე ნომერი ერთ: 2012 წლიდან დღემდე, თუ რამე გაკეთებულა ევროკავშირთან დასაახლოებლად და დასაკავშირებლად "ქართული ოცნების" დამსახურებაა.

მეორე სიმართლე: უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ, მოხდა ინიციირება, შეთავაზება უკრაინისთვის და მათ შორის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის, რომ მიეღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და სამივე ქვეყანამ გააკეთა წინა მოსამზადებელი სამუშაოები. უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო სტატუსი და საქართველომ ვერ მიიღო.

შემდეგი სიმართლე არის ის, რომ 2024 წლის არჩევნებზე "ქართულმა ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვა. 1 120 000 ამომრჩეველი არის ის ამომრჩეველი, რომლებმაც "ქართულ ოცნებას" მისცა ხმა და შესაბამისად, არჩევნები შედგა.

საბოლოოდ, მივიღეთ ის, რომ გუშინ, ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, სადაც, უკვე მეხუთედ, სრულიად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, უსამართლოდ, საქართველოს დადანაშაულება მოხდა იმაში, რომ თურმე ჩვენ აქ არჩევნები არ ჩაგვიტარებია. რომ თუ ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია გვინდა, მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და მთელი ის საკანონმდებლო სისტემა, რომელიც ჩვენი ოჯახის ზნეობას და გამჭვირვალობას ეხება, ეს ყველაფერი უნდა გავაუქმოთ.

მივიღეთ მოცემულობა, რომ ევროკავშირის ცალკეული ჩინოვნიკების ხელში, საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნა, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდეგი ნაბიჯია, ზეწოლისა და შანტაჟის მექანიზმი გახდა", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

 

დღის ამბები