29 ნოემბერი 2024,   17:14
ვრცლად
"ევროკავშირის ელჩის განცხადება იყო მხარდამჭერი ქართველი ხალხის მისწრაფების, ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრები" - თეონა აქუბარდია

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაზე, ოპოზიციურ პარტიებში გამოეხმაურნენ. პარტია "საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ჰერჩინსკის განცხადება ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების მხარდამჭერი იყო.

"ევროკავშირის ელჩის განცხადება იყო მხარდამჭერი ქართველი ხალხის მისწრაფების, ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრები. ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში ღიად იყო ნათქვამი, რომ საქართველომ არ შეასრულა 9 ევროპული რეკომენდაცია, რათა გაწევრიანების მოლაპარაკება დაწყებულიყო; საქართველომ გადადგა ანტიდემოკრატიული ნაბიჯები ისევე, როგორც ანტიდასავლური რიტორიკა. ამიტომ, კობახიძის პირით გაკეთებული უარი ევროპულ მომავალზე, რა თქმა უნდა, არის განაცხადი, რომ საქართველო წყვეტს გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში იმ ვალდებულებას, რაც 9 რეკომენდაციის შესრულებას უკავშირდება და ტყუილია ასოცირების შეთანხმებაზე აპელირება, რომ ამით რაღაცა შესაძლებელია მოხდეს," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

პარტია "ლელოს" წევრი, ფიქრია ჩიხრაძე კი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი საკუთარ "აღშფოთებას" უფრო "ქმედითი" ფორმით გამოხატავს.

"ეს შეშფოთება არ არის, ეს არის ევროკავშირის აღშფოთება, რომელიც სხვადასხვა ფორმით გამოიხატება - ხან რეზოლუციაში, ხან განცხადებებით და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც, წინა პერიოდისგან განსხვავებით, უფრო ქმედითნი იქნებიან," - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ საქართველო ევროკავშირში მოლაპარაკების გახსნას, ამ ეტაპზე, დღის წესრიგში აღარ დააყენებს და მზად არის, დამოუკიდებლად შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც ასოცირების შეთანხმებით აიღო. ამავე განცხადების მიხედვით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვის ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ამ თემასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები