"გუშინაც და დღესაც არაერთხელ მოვისმინეთ მანიპულაციური განცხადებები, რომ საქართველო რაღაცას აჩერებს, საქართველომ რაღაცა დააპაუზა... სინამდვილეში, თუკი შეგვიძლია რაიმე ვურჩიოთ მასაც და მის კოლეგებს არის ის რომ, ძალიან მარტივად, უბრალოდ წაიკითხონ ჩვენი განცხადება," - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას.
მისივე თქმით, საქართველო არ წყვეტს ევროინტეგრაციის პროცესს და ქვეყანა გააგრძელებს ვალდებულებების შესრულებას.
"პარლამენტიც და მთავრობაც, ჩვეულ რეჟიმში, ერთობლივად, მჭიდრო მუშაობით ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ არ დავაყენებთ გაფართოების პროცესის 70 სხვადასხვა გადაწყვეტილებიდან ერთ-ერთ საკითხს, რომელიც არის, ამ ეტაპზე მოლაპარაკებების დაწყება და ჩვენ ამ პროცესის გარეშე ჩვეულებრივ მივყვებით სამუშაო პროცესს.
როდესაც 2028 წელს დადგება ამის საჭიროება, ჩვენ დაგვჭირდება 2-2.5 წელი იმისთვის, რომ ჩვენი მხრივ, 2030 წლისთვის ვიყოთ მომზადებულები. ამიტომ, პოლიტიკური მანიპულაციების ნაცვლად, დაბნეულობისა და ემოციებზე თამაშის ნაცვლად პირიქით - შემოიტანონ სწორი ინფორმაცია და ხელი შეუწყონ სწორი პროცესების განვითარებას", - აცხადებს ლევან მახაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ საქართველო ევროკავშირში მოლაპარაკების გახსნას, ამ ეტაპზე, დღის წესრიგში აღარ დააყენებს და მზად არის დამოუკიდებლად შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც ასოცირების შეთანხმებით აიღო. ამავე განცხადების მიხედვით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვის ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
ამ თემასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.