"გუშინდელი პროტესტი ძალიან მალე გასცდა მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებს და მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, სამართალდამცველებმა პროპორციულობის პრინციპის დაცვით აღკვეთეს ძალადობა და დაამყარეს წესრიგი.
"საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და 2012 წლიდან ყველას აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება, თუმცა, სამწუხაროდ, გუშინდელი პროტესტი ძალიან მალე გასცდა მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებს და მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი.
აქტიურობდნენ რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც სამართალდამცავებს მძიმე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. აშკარაა, რომ ეს ძალადობრივი დაჯგუფებები, ძალადობისთვის დეკემბრის მეორე ნახევრისთვის ემზადებოდნენ, თუმცა მათ ამ შემთხვევაშიც დავასწარით და დასაგროვებელი რესურსი აქაც წინასწარ გავანიავებინეთ.
მომიტინგეების ძალადობის შედეგად, დაშავდა 32 პოლიციელი, საიდანაც 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. სამწუხაროა, რომ ასევე ამ ძალადობის შედეგი იყო მშვიდობიანი მომიტინგეების დაზიანებაც, მათ შორის, ჟურნალისტების დაზიანებაც, რაც არის უკიდურესად სამწუხარო.
მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ პოლიციელსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, რომლებმაც პროპორციულობის პრინციპის დაცვით აღკვეთეს ძალადობა და დაამყარეს წესრიგი რუსთაველის გამზირზე.
მინდა ყველას შევახსენო, რომ ყველა კანონდარღვევას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი. როგორ გუშინდელ ბრიფინგზე აღვნიშნე, საქართველო რჩება ევროინტეგრაციის მიზნის ერთგული - საქმე შანტაჟის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება პროცესისადმი.
მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება პროცესისადმი. არავის მივცემთ საშუალებას, ხელოვნური ინსტრუმენტებით განაგრძოს ჩვენი ქვეყნის შანტაჟი და საზოგადოების გახლეჩის გამუდმებული მცდელობა. ამავდროულად, გადავდგამთ ყველა პრაქტიკულ ნაბიჯს, 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.