29 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
“აბა გაბედეთ, ევროპის რომელიმე ქვეყანაში ან აშშ-ში პოლიციელს ვინმე დაელაპარაკოს ისე, როგორც ამას აქციის ზოგიერთი მონაწილე აკეთებდა - ნახავთ რას უზამენ, ძვლებში დაამტვრევენ“ - კახა კალაძე

“რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტრო და მის თანამშრომლებს - ისინი იცავენ წესრიგს და უზრუნველყოფენ ადამიანების უსაფრთხოებას. არავის არ აქვს იმის უფლება, რომ პოლიციელს, რომელიც იცავს საზოგადოების წესრიგს, შეაგინოს, შეაფურთხოს, ბოთლები და ქვები ესროლოს - ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება,“ - ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.

გუშინდელი აქციის დაშლის დროს დაზიანებული ჟურნალისტების შესახებ დასმული კითხვის პასუხად კალაძემ განაცხადა, რომ არავინ უნდა გაცდეს მშვიდობიანი პროტესტის ფორმას - მათ შორის, არც ჟურნალისტები.

“აბა გაბედეთ და ევროპის რომელიმე ქვეყანაში ან ამერიკაში პოლიციელს ვინმე დაელაპარაკოს ისე, როგორც ამას აქციის ზოგიერთი მონაწილე გუშინ აკეთებდა - ნახავთ რას უზამენ, ძვლებში დაამტვრევენ. ჟურნალისტი არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი იკადრო და ვიღაცებს მიაყენო შეურაცხყოფა.
აქციის ჩატარება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია. ყველას აქვს იმის უფლება, რომ გამოხატოს თავისი პროტესტი სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში. როგორც კი ჟურნალისტი, ბიზნესმენი, თუნდაც პოლიტიკოსი გასცდება კანონის ჩარჩოებს, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. მშვიდობიან პროტესტს არ აქვს არანაირი პრობლემა, მაგრამ როგორც კი ადამიანები შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციას, აგინებენ, ესვრიან ბოთლებს და ქვებს - როგორ ფიქრობთ, ეს დარჩება რეაგირების გარეშე?“ - აცხადებს კახა კალაძე.

ცნობისთვის, საპროტესტო აქცია პრემიერ-მინისტრის გუშინდელ ბრიფინგს მოჰყვა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ საქართველო ევროკავშირში მოლაპარაკების გახსნას ამ ეტაპზე დღის წესრიგში აღარ დააყენებს და მზად არის დამოუკიდებლად შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც ასოცირების შეთანხმებით აიღო.

ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მოქალაქეები, გუშინ საღამოს, “ქართული ოცნების“ ოფისთან შეიკრიბნენ.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმართულებით დაიძრნენ. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს არაერთხელ მიმართეს ოპოზიციის ლიდერებმა და მათ სახალხო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს.

დღის ამბები