23 ნოემბერი 2024,   12:07
ვრცლად
დებატები ევროპარლამენტში - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევროდეპუტატების ნაწილმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ საქართველოში არჩევნები მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩაიარა

უსაფუძვლო კრიტიკა და ობიექტური შეფასებები - ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებზე, "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევროდეპუტატების ნაწილმა დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით, ფაქტებზე დაყრდნობით გააკეთა და ფაქტობრივად დაადასტურა, რომ საქართველოში 26 ოქტომბერმა მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩაიარა. აქედან გამომდინარე, მმართველი ძალისთვის, შიდა თუ გარე აქტორების მხრიდან საარჩევნო მანიპულაციებზე საუბარი არასერიოზულია და საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა სპეკულაციური.

ხელისუფლების ოპონენტები საქართველოსთან დაკავშირებით დადებით კონტექსტში გაკეთებულ განცხადებებს მნიშვნელობას არ ანიჭებენ და ყურადღებას მხოლოდ კრიტიკულ შეფასებებზე ამახვილებენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ევროპარლამენტარები არჩევნებს სამართლიან შეფასებას მისცემენ, რასაც სამომავლოდ რეზოლუციაშიც ასახავენ.

სახელისუფლებო გუნდისთვის ბრიუსელის კრიტიკა მიუღებელია. "ქართული ოცნება" ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებების ნაწილს კვლავ ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის მცდელობად აფასებს.

ევროპარლამენტში გამართული დებატები შეაფასეს "ნეიტრალურ საქართველოშიც". მოძრაობის წევრები თქმით, კიდევ ერთხელ დაინგრა მითი, რომ ევროკავშირი და მთლიანად ევროპა არ ცნობს საქართველოში ჩატარებულ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.

ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ დებატები, რომელიც დღის წესრიგში, სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩაამატეს, 40 წუთს გაგრძელდა.

დღის ამბები