23 ნოემბერი 2024,   11:55
ვრცლად
ამერიკის ისტორიაში პირველი რესპუბლიკელი, რომელიც 4 წლის შემდეგ ისევ პრეზიდენტად აირჩიეს - ვინ არის დონალდ ტრამპი?

მეორედ მოსვლა ტრამპის საყვარელი მანევრია. მის ბიოგრაფიაში ასეთ ეპიზოდებსაც მრავლად შეხვდებით და საავტორო წიგნსაც - "დაბრუნების ხელოვნება." მისი დაბრუნება დემოკრატებისთვისაც "მეორედ მოსვლას" ჰგავდა, თუმცა სხვა გაგებით. მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე დონალდ ტრამპი კვლავ სათავეშია და ზუსტად არავინ იცის, რას უნდა ნიშნავდეს ეს.

ტრამპი ტრუმპი იქნებოდა, იქ რომ ეცხოვრა, სადაც მისი ჭეშმარიტი ფესვებია. მისი ბავარიელი ბაბუის ისტორია, ამერიკული ოცნების ტიპურ სცენარს ჰგავს. ესაა ამბავი გერმანიიდან ამერიკაში უსახსროდ ჩასულ მარტოხელა კაცზე, რომელიც მალევე გამდიდრდა. ფრედერიკ ტრამპის ყოველი შემდეგი თაობა კიდევ უფრო მდიდარი და წარმატებული გამოდგა. დონალდმა ამ გვარში ყველაზე მეტს მიაღწია და არა მხოლოდ ბიზნესში. ის პლანეტის ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პრეზიდენტი უკვე მეორედ ხდება - თან 4-წლიანი პაუზის შემდეგ. ასეთი რამ აშშ-ის ისტორიას მხოლოდ ერთხელ თუ ახსენდება.

ტრამპი უძრავი ქონების ოჯახურ ბიზნესს წარმატებით ჩაუდგა სათავეში და მალევე საკუთარი გვარი ბრენდად აქცია.

სასტუმროები, რესტორნები, იახტები თუ ბოინგები - ბიზნესის ნაწილი გახდა, მის ქონებას "ფორბსი" 6 მილიარდამდე აფასებს, თუმცა მთავარი ბიზნესი რომელმაც ტრამპს საჯარო ცხოვრებაში გაუკვალა გზა - შოუ-ბიზნესი იყო.

სილამაზის კონკურსის, "მის სამყაროს" ლიცენზიას, რეალით შოუ "ეპრანტისი" მოჰყვა, რომელშიც ტრამპმა საკუთარივე თავი, კომპანიის მთავარი დამფუძნებელი განასახიერა და კადრების აყვანის პროცესს სატელევიზიო შოუს ფორმატში შეუდგა. სწორედ აქედან მოდის მისი საყვარელი ფრაზა, რომლითაც ოპონენტებსაც ხშირად მიმართავდა, განსაკუთრებით კი კამალა ჰარისს - Kamala, your are fired.

1988 წელს რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატურის მოპოვებას გეგმავდა, თუმცა გადაიფიქრა. გადაიფიქრა შემდეგაც, 2000 წელს, როდესაც რესპუბლიკური ბანაკიდან რეფორმისტებთან გადაბარგდა, რათა მათი საპრეზიდენტო კანდიდატი გამხდარიყო - მაშინ მის ვიცე-პრეზიდენტად ის ცნობილ წამყვანს, ოფრა უინფრის განიხილავდა. მიხვდა, რომ მარცხი ელოდა და კამპანიას პირველ ეტაპზევე ჩაეხსნა. სამაგიეროდ პოლიტიკით მისმა დაინტერესებამ ხალხი მისი წიგნით დააინტერესა, "მეორედ მოსვლის ხელოვნება" ბესტსელერად იქცა.

2015 წელს ტრამპმა ჩათვალა, რომ პოლიტიკაში მოსასვლელად ნიადაგი მზად იყო, როდესაც "ტრამპ თაუერის" ცნობილი ესკალატორიდან ჩამოსულმა ყველას ამცნო, რომ 2016 წელს პრეზიდენტობას აპირებდა. გახდა კიდეც. ჰილარი კლინტონმა მაშინ მასზე მეტი ხმა მიიღო, თუმცა საარჩევნო კოლეგიამ ტრამპი არჩია.

პოლიტკორექტულობით არასდროს გამოირჩეოდა, ხისტი და შეულამაზებელი გამონათქვამები მისი სტილია - პოლიტიკისთვის დამახასიათებელი ენა მისთვის უცხოა, მისთვის ნაცნობ ენას კი ხშირად მოულოდნელი შედეგები მოჰყვება. ასე იყო 2020-შიც, როდესაც ჯო ბაიდენთნ დამარცხების შემდეგ თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა და კაპიტოლიუმისკენ შტურმით მიმავალი მხარდამჭერების შესაჩერებლადაც არაფერი გააკეთა.

ტრამპი ამერიკის ისტორიაში ერთადერთი პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგაც იმპიჩმენტი ორჯერ წამოიწყეს. ერთი კაპიტოლიუმის თავდასხმის ეპიზოდზე და მეორე პრეზიდენტობის დროს, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მიზეზით. ეს მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტთან მისი სატელეფონო საუბარი გასაჯაროვდა, რომელშიც ზელენსკის ჯო ბაიდენის შვილზე, გამოძიებას სთხოვდა, განიხილება, რომ ეს ერთი მხრივ, სიმბოლური მოვლენა, მერე მხრივ კი, პოლიტიკიდან მისი ჩამოშორების გზა იყო. თუმცა ამერიკულმა კანონმდებლობამ ტრამპს შანსი მაინც მისცა და ის 20 იანვარს, კვლავ მიუჯდება რეზოლუტის ცნობილ მაგიდას ოვალურ კაბინეტში.

იყო მკვლელობის 2 მცდელობაც, თუმცა უკვე 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს. პირველი უფრო სერიოზული იყო, ვიდრე მეორე. ბევრი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება სწორედ იმ მომენტში 1 მილიმეტრმა გადაწყვიტა. როდესაც პენსილვანიაში შეკრებაზე მას მსროლელმა ცეცხლი გაუხსნა, ტრამპის რეაქცია სიმამაცედ შეფასდა. ჯო ბაიდენის ალტერნატივად მებრძოლი და თავდაჯერებული ტრამპის ხილვამ ამომრჩეველი გულგრილი არ დატოვა. ტყვია ყურში მოხვდა, ამიტომ კამპანიის გარკვეული ნაწილი ყურშეხვეული დადიოდა.

დონალდ ტრამპს დიდი ოჯახი ჰყავს - 5 შვილი სამი ქორწინებიდან და 10 შვილიშვილი. მათგან ერთ-ერთის 16 წლის კაის ტრამპის "ტიკ-ტოკის" კამპანიამ ბევრის მოსაზრებით, ბაბუას ახალგაზრდების ხმები მოაპოვებინა.

სლოვენიელი მოდელი, მელანია ტრამპი მისი მესამე ქორწინებაა. ის პირველი ლედი მეორედ გახდება. ერთმანეთს 1998 წელს შეხვდნენ, 2005 წელს იქორწინეს და მალევე გაუჩნდათ საერთო შვილი. ტრამპისა და მელანიას ურთიერთობები არაერთხელ გამხდარა ტაბლოიდების განხილვის საყვარელი თემა, განსაკუთრებით კი პირველი ლედის ემოციებისა და ტრამპის რეაქციების გამო.

ტრამპი ამერიკული პოლიტიკური კულტურისთვის არადამახასიათებელი ფიგურაა. უტრირებული საუბარი მისი სტილია, ხშირად გადაუმოწმებელი ინფორმაციით - დებატებზე ისიც კი თქვა, რომ მიგრანტები ერთ-ერთ შტატში კატებს ჭამენ. უყვარს ეპატაჟური განცხადებები, - ასე იყო "კოვიდ 19-ის" დროსაც, როდესაც მან გუნდს დაავალა, კოვიდი ინფექციის წინააღმდეგ მათეთრებელი ხსნარის დალევის ეფექტი შეესწავლათ. უყვარს დინების საწინააღმდეგოდ ცურვა, პოლიტიკაში ამის ნათელი მაგალითი იყო კლიმატური, სავაჭრო თუ ბირთვული შეთანხმებებიდან გამოსვლა. მის ბიოგრაფიას ახსოვს ნატო-ს დაფინანსების შეწყვეტაზე გაჟღერებული მუქარები, ამერიკის სამხრეთ საზღვართან მიგრანტების შესაკავებელი კედლის მშენებლობის დაწყებაც და წყალში ალიგატორების გაშვების იდეაც, ამერიკის მოქალაქის მკვლელობის შემოხევაში სიკვდილით დასჯის შემოღება და ბევრი სხვა.

იყო ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან შეხვედრაც, პუტინის მიმართ გამოთქმული და პუტინისგან საპასუხოდ მიღებული სიმპათიები, ჩინეთთან წამოწყებული სავაჭრო ომი, რომელსაც ის აშშ-ის მთავარ მეტოქედ განიხილავს. მისი კრიტიკოსები ხშირად სდებენ ბრალს იმაში, რომ ავტორიტარი ლიდერებზეა შეყვარებული.

ტრამპის ადმინისტრაციას უკავშირდება ტერორისტული ორგანიზაცია "აისისის" დაღმასვლა, ისეთი ტერორისტების ლიკვიდაცია, როგორებიც აბუ ბაქარ ალ ბაღდადი და ქაზემ სულეიმანია. მისი ინიციატივა იყო სირიიდან ამერიკული ჯარების გაყვანა და ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება.

ტრამპი ამერიკას "ოქროს ხანას" ჰპირდება, "გავხადოთ ამერიკა კვლავინდებურად დიადი" - მისი უცვლელი ლოზუნგია. მიიჩნევს, რომ მისი პრეზიდენტობა ამერიკის ეკონომიკისთვის საუკეთესო პერიოდი იყო და ჩანს, რომ ამაში ბევრი ამერიკელი ეთანხმება. ამიტომაც მიიღო 70 მილიონზე მეტი ხმა 5 ნოემბრის არჩევნებში და ამით დაამარცხა მთავარი მეტოქე, დემოკრატიო კამალა ჰარისი ,რომელიც მას 5 მილიონი ხმით ჩამორჩა.

აშშ-ის ისტორიაში ტრამპი ყველაზე ხანშიშესული პრეზიდენტია, ვინც ოფისს დაიკავებს. ახლა ის 78 წლისაა, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის დროს კი 82 წლის იქნება.

 

 

დღის ამბები