23 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
"ცეცხლის შეწყვეტა, როდესაც უკრაინის უსაფრთხოების შემდგომი გარანტიები არ არსებობს, არის მზადება უკრაინის ოკუპაციის გაგრძელებისა და ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განადგურებისთვის" - ზელენსკი

ომის სწრაფი დასრულება დანაკარგებს ნიშნავს, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის დაპირებას ომის 2 საათში დასრულების შესახებ. ცნობილია, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ტრამპი ზელენსკის უკვე ესაუბრა.

პარალელურად, ოკუპანტი მასშტაბურ შეტევას განაგრძობს. ხარკოვში, რუსეთის თავდასხმის შედეგად, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოიშალა. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტზე თავდასხმა, ოკუპანტმა მართვადი რაკეტით განახორციელა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაჭრილია 25 ადამიანი. აფეთქებებია ქალაქის ორ რაიონში, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები და ისტორიული ღირსშესანიშნაობები. დანგრეული შენობებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ოდესაზე თავდასხმის შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, ცხრა კი დაშავდა, დაზიანდა სკოლა და კერძო საცხოვრებელი სახლები, ქალაქის რამდენიმე უბანში მასშტაბური ხანძარია. ზაპოროჟიეზე თავდასხმას რვა ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 48. დანგრეულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, კერძო სახლები და დაზიანებულია ონკოლოგიური საავადმყოფოს შენობა.

"ცეცხლის შეწყვეტა, როდესაც უკრაინის უსაფრთხოების შემდგომი გარანტიები არ არსებობს, არის მზადება უკრაინის ოკუპაციის გაგრძელებისა და ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განადგურებისთვის. აი, რა არის დღეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. ამას ჰქვია დივნის ექსპერტები. ამას სხვას ვერაფერს უწოდებ. ადამიანები, რომლებსაც ომი არ განუცდიათ და მხოლოდ წიგნებში წაუკითხავთ და ფილმებში უნახავთ - ეს სხვა ამბავია. ადამიანები, რომლებსაც არასოდეს უომიათ პუტინთან. ეს არის ანალიტიკა ომის ღრმა გაგების, ომის შედეგებისა და რისკების გააზრების გარეშე. ეს შესანიშნავი მოდელია რუსეთის ფედერაციისთვის. ჯერ ცეცხლის შეწყვეტა და მერე - სხვა რამ. უნდა გავიგოთ, რა არის "სხვა რამ", - აცხადებს ზელენსკი.

დღის ამბები