23 ნოემბერი 2024,   11:57
ვრცლად
სამომხმარებლო ბაზარზე ყველაზე მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა

"ზედაზენი ჯგუფისა“ და „დეილი ჯგუფის“ ერთობლივი ოფიციალური განცხადებით, მათ შორის დადებული გარიგების თანახმად, შეიქმნა უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება, რომლის აქციონერებიც გახდნენ „დეილი ჯგუფისა“ და „ზედაზენი ჯგუფის“ პარტნიორები.

აღნიშნული გაერთიანებით წარმოქმნილი კომპანია ერთბაშად გადაიქცა ლიდერად საცალო ვაჭრობისა და ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების წარმოების ბაზრებზე, ხოლო წარმოქმნილმა სინერგიამ უდიდესი პოტენციალი გააჩინა ლოგისტიკის მიმართულებით.

„დეილი ჯგუფი“ საცალო ვაჭრობის ბიზნესში უდავოდ ლიდერი კომპანიაა, რომელიც ისეთი ქსელური მარკეტებით ოპერირებს, როგორებიცაა „სპარი“, „იოლი“, „დეილი“, „კალათა“ და „გვირილა“. მიმდინარე წელს საცალო ვაჭრობის ბაზარზე შექმნილი ყველაზე მსხვილი გაერთიანება, რომელიც „დეილისა“ და „სპარის“ შერწყმით გაფორმდა, სწორედ ამ ჯგუფთან იყო დაკავშირებული.

„ზედაზენი ჯგუფს“ ეკუთვნის „ქართული ლუდის კომპანიის“ 100%-იანი წილი და „მაგნიტის“ საკონტროლო პაკეტი. „ქართული ლუდის კომპანია“ არის ლიდერი ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების ბაზარზე და აწარმოებს როგორც ადგილობრივ („ზედაზენი“, „რავი“, „ცივ-ცივი“, „სანაპირო“ და ა.შ.), ისე საერთაშორისო ლიცენზირებულ („მილერი“, „ბავარია“, „ჰარპი“, „ჰოლსტენი“) ლუდის ბრენდებს, უმაღლესი ხარისხის ლიმონათს „ზედაზენს“, წვენის ნექტარს „ჩეროს“, „რს კოლას“ ბრენდებს (საერთაშორისო ლიცენზიით), ცივ ჩაის „გურიელს“ და „დილმას“ (საერთაშორისო ლიცენზიით), ენერგეტიკულ სასმელებს და ა.შ. კომპანია ამავდროულად ფლობს საკუთარ სადისტრიბუციო კომპანიას და არის ოფიციალური წარმომადგენელი და იმპორტიორი ისეთი საერთაშორისო ბრენდებისა, როგორებიცაა: „გინესი“, „კრომბახერი“, „ბლუ მუნი“ და ა.შ.
„მაგნიტი“, თავის მხრივ, ლიდერია საცალო სავაჭრო ქსელურ მარკეტებში, რომელიც დინამიკურად იზრდება, მუდმივად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და, ამასთანავე, მომხმარებელს სთავაზობს ფართო ასორტიმენტსა და მიმზიდველ ფასებს.

ზემოხსენებული ორი ჯგუფის შერწყმით წარმოქმნილი ერთობლივი კომპანია ამჯერად უკვე გააერთიანებს:

- საცალო ვაჭრობის ბიზნესში „სპარის“, „იოლის“, „დეილის“, „კალათას“, „გვირილასა“ და ახლა უკვე „მაგნიტის“ ქსელებს, რაც გულისხმობს საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 1,700 სავაჭრო წერტილისა და ორგანიზებული ბაზრის 30%-იან წილს.
- სასმელების ბიზნესში ის წარმოდგენილი იქნება სს „ქართული ლუდის კომპანიის“ სახით, რომელიც, თავის მხრივ, 35%-ამდე წილს ფლობს ადგილობრივი ლუდის ბაზარზე;

საცალო ვაჭრობისა და წარმოების ინდუსტრიებში წლების განმავლობაში უხვად დაგროვებული წარმატებული გამოცდილების სინერგია პარტნიორებს მისცემს შესაძლებლობას, ერთობლივი კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით ისეთი სახის უმსხვილეს კომპანიად ჩამოაყალიბონ, რომელიც ორიენტირებული იქნება როგორც ადგილობრივი საცალო ბაზრის, ისე ადგილობრივი წარმოებების განვითარებაზე და რეგიონში ექსპანსიაზე.
გაერთიანებული კომპანია:
- იზრუნებს საკუთარი თანამშრომლების სტაბილურ განვითარებაზე;
- ორიენტირებული იქნება, საკუთარ მომხმარებელს შესთავაზოს მსოფლიო დონის სტანდარტებთან შესაბამისი სერვისები და პროდუქცია;
- მოტივირებული იქნება, დანერგოს წამყვანი ტექნოლოგიები და უახლესი გადაწყვეტილებები საკუთარ კომპანიაში;
- მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურ განვითარებაში.

 

(R)

 

დღის ამბები