23 ნოემბერი 2024,   20:02
ვრცლად
"დადებითად ვაფასებთ ევროკომისიის ანგარიშს - ევროკომისიის შეფასებით, 35 თავიდან მხოლოდ ერთი თავის შემთხვევაშია უკუსვლა" - შალვა პაპუაშვილი

დადებითად ვაფასებთ ევროკომისიის ანგარიშს. ევროკომისიის შეფასებით, 35 თავიდან, გასული ერთი წლის განმავლობაში, საქართველომ კარგი პროგრესი 12 თავზე დააფიქსირა, ხოლო გარკვეული პროგრესი – 13 თავზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების პოზიციის გათვალისწინებით, ევროკავშირთან საკითხებზე საუბარი გაგრძელდება.

"გამოქვეყნდა ევროკომისიის გაფართოების ანგარიში, სადაც საუბარია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. საერთო შეფასებით, საქართველო პროგრესირებს ევროკავშირში წევრობის გზაზე.

ჩვენ დადებითად ვაფასებთ ევროკომისიის ანგარიშს. ევროკომისიის შეფასებით, 35 თავიდან გასული ერთი წლის მანძილზე საქართველომ კარგი პროგრესი დააფიქსირა 12 თავზე, ხოლო გარკვეული პროგრესი - 13 თავზე. ეს არის იმის ძალიან მკაფიო დასტური, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების გამო საქართველოს ჰქონდა შეზღუდული დრო საპარლამენტო საქმიანობისთვის და მიუხედავად ოპოზიციის და ენჯეო სექტორის მუდმივი ობსტრუქციისა, საქართველო დგამდა მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

ხაზგასასმელია, რომ ანგარიშში, 35 თავიდან მხოლოდ ერთი თავის შემთხვევაში, რომელიც მართლმსაჯულებას და ფუნდამენტურ უფლებებს შეეხება, ევროკომისიის შეფასებით არის უკუსვლა. ამასთან, ამგვარი შეფასების ძირითად მიზეზად ანგარიშში ევროკომისია ასახელებს გენდერული კვოტირების გაუქმებას, გამჭვირვალობის კანონის და ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონის მიღებას და ლგბტ პრაიდის ვერჩატარებას.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ამ თავში ჩვენი შეფასება თანაბარია უკრაინას და მოლდოვას შეფასებისა, ხოლო „ფუნდამენტურ საკითხთა ჯგუფში“, რომელშიც ეს თავი შედის, საქართველო უკრაინასაც უსწრებს და მოლდოვასაც.

ის რომ გამჭვირვალობის და ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონებზე, ამ ეტაპზე, საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთთანხმობა არ აქვს, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის სიახლე არ არის. ეს კანონები არჩევნებზეც ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იყო, რაზეც ჩვენმა საზოგადოებამ თავისი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითებზე ევროკავშირთან საუბარს საქართველოს მოქალაქეების ამ პოზიციის გათვალისწინებით.

გარდა ფუნდამენტური მიმართულებისა, საქართველო უკრაინასა და მოლდოვას უსწრებს შიდა ბაზრისა და კონკურენტუნარიანობის ჯგუფების საერთო შეფასებაშიც, რაც არის ევროკავშირის, როგორც ორგანიზაციის მთავარი არსი. სწორედ ამ საკითხების ირგვლივ შეიქმნა თავის დროზე ევროკავშირი და სწორედ ამიტომ არის ევროკავშირი ბევრისთვის მიმზიდველი.

ამრიგად, საერთო შეფასების გათვალისწინებით, საქართველო კვლავ სოლიდურად უსწრებს მოლდოვას, ხოლო უკრაინას მხოლოდ სამ ჯგუფში - საგარეო ურთიერთობები, მწვანე დღის წესრიგი და რესურსები - ჩამორჩება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ კიდევ უფრო დიდი უპირატესობით ვუსწრებთ ბოსნია და ჰერცეგოვინას, რომელთანაც ასევე დაწყებულია გაწევრიანების მოლაპარაკებები.

სწორედ ეს 35 თავია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების, ანუ საქართველოს ევროპული გზა. ეს არის დინამიური, საქმიანი, ექსპერტული პროცესი, რომელშიც საქართველო 2014 წლიდან ერთგულად, გეგმაზომიერად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ.
ამავე დროს, ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ვხედავთ ამ პროცესის უკიდურესად პოლიტიზების მცდელობას. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამგვარი წინდაუხედავი მიდგომა ევროინტეგრაციას თანამშრომლობის ინსტრუმენტიდან პოლიტიკურ იარაღად აქცევს, რაც, სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, თავად ევროინტეგრაციის პროცესს და ევროკავშირის რეპუტაციას აზიანებს.

აქვე, მინდა, შევეხო ბოლო პერიოდში ხშირად გამოყენებულ ტერმინს „ევროინტეგრაციის შეჩერება“. თავად ის ფაქტი, რომ ევროკომისიამ გაფართოების დოკუმენტზე იმუშავა, საქართველოს პროგრესი შეაფასა და რეკომენდაციები მოგვცა, მეტყველებს იმაზე, რომ ეს ტერმინი უფრო პოლიტიკური განცხადებაა, ვიდრე ინსტიტუციური მდგომარეობა. როგორც ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს შეფასებას, ისევე ვაგრძელებთ ჩვენც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე მუშაობას. სწორედ ეს არის ევროინტეგრაცია. ის არც შეჩერებულა და ვერც შეჩერდება. თუკი რამე გვასწავლა ჩვენმა მიღწევებმა ამ პროცესში, არის ის, რომ ევროინტეგრაცია გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული სამუშაოა და არა იმწუთიერი პოლიტიკური კონიუქტურის აყოლა.

საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობამ ძალიან გასაგებად გააკეთა არჩევანი, ევროინტეგრაციის პროცესზე, ოპოზიციის ისტერიულ პოლიტიკასა და ქართული ოცნების საქმიან, კონსტრუქციულ, ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით წარმოებულ პოლიტიკას შორის. ჩვენ უკვე შესრულებული გვაქვს ასოცირების შეთანხმების დიდი ნაწილი და 2028 წლისთვის მის 90%-ს შევასრულებთ, რითაც არსებითად მივუახლოვდებით ევროკავშირის წევრობას.

ჩვენ ყურადღებით შევისწავლით გაფართოების დოკუმენტს და დავგეგმავთ სამომავლო ნაბიჯებს, ქართველი ფერმერების, მეწარმეების, ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. საქართველო ბოლო წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობდა ევროკომისიასთან თითოეული სფეროს ანალიზის პროცესში და მომავალშიც ჩვენ მზად ვართ, ამავე მიზნით აქტიურად ვითანამშრომლოთ ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან", – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

დღის ამბები