აშშ-ის პრეზიდენტს რიგში ყოველდღე ვერ ნახავ, თუმცა დღეს ასე მოხდა. ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებში მონაწილეობას ბევრი მსურველი ჰყავს. ამისთვის ჯო ბაიდენიც მშობლიურ დელავერში ჩავიდა. უკვე ერთი კვირაა აშშ-ში ვადამდელი ხმის მიცემის პროცედურა გაიხსნა, რაც ნაწილობრივ ამომრჩეველთა აქტივობის წახალისებას ემსახურება. სამოქალაქო ვალის მოხდის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტი “რესპუბლიკელი“ კანდიდატის ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.
ჯო ბაიდენი არაა ერთადერთი ვინც ტრამპის კამპანიას აკრიტიკებს. საქმე იმაშია, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის “რესპუბლიკელი“ კანდიდატის ნიუ-იორკულ შეკრებაზე გამოსულმა კომიკოსმა, ეთნიკური უმცირესობების მიმართ რასისტული რეპლიკა გამოიყენა. საუბარია პუერტო რიკელებზე. ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის ფონზე, ბევრისთვის ამან საგანგაშო სიგნალად გაიჟღერა. ტრამპს და ხუმრობას იცავს ვიცე - პრეზიდენტობის მისი კანდიდატი.
“რესპუბლიკელების“ მსგავსად, გამარჯვებაშია დარწმუნებული “დემოკრატიული“ პარტიაც. აქტიური საარჩევნო კამპანია აქვს კამალა ჰარისს. ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის მობილიზება ახლა მნიშვნელოვანია, რადგან მერყევ შტატებში ბოლო გამოკითხვები პროგნოზების გაკეთებას რთულს ხდის. ასეთებია: ვისკონსინი, ნევადა, პენსილვანია, მიჩიგანი, ჩრდ.კაროლინა, ჯორჯია და არიზონა. კონკრეტულ შტატებში ტრამპსაც და ჰარისსაც პროგრესი აქვთ, თუმცა მათ შორის განსხვავება კვლავ მინიმალური რჩება.
ამერიკელი ამომრჩეველი - აბორტის უფლების, სოცუზრუნველყოფის, ინფლაციისა თუ სხვა საშინაო საკითხების გარდა, დიდი ყურადღებით უსმენს იმას, თუ რა პოზიციები აქვთ პრეზიდენტობის კანდიდატებს რუსეთ-უკრაინის ომთან, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან თუ სხვა საგარეო საკითხებთან მიმართებით. ამ მხრივ, ტრამპი პრობლემების მომგვარებლად პოზიციონირებს, რაც “დემოკრატებს“ ღიმილს გვრის. დღის ბოლოს, საკუთარ ამომრჩეველს მარ ა ლაგოდან მიმართა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ზუსტად 1 კვირა დარჩა. 5 ნოემბერს ამერიკელები 2 ნაცნობი სახიდან ერთ-ერთს აირჩევენ: ან ყოფილ პრეზიდენტ ტრამპს, ან მოქმედ ვიცე ჰარისს. კაპიტოლიუმის წინ საინაუგურაციო სცენის მოწყობა უკვე დაწყებულია. გასული არჩევნებისგან განსხვავებით, ამჯერად “კოვიდ19-ი“ ფართომასშტაბიან ღონისძიებას ხელს ვერ შეუშლის.