საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს საუკეთესოთა შორის მოხვდა. პარიზში, ყოველწლიური ოქროს ბურთის დაჯილდოება გაიმართა, სადაც წლის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინეს. ლევ იაშინის სახელობის ჯილდოსთვის, პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი იბრძოდა.
ქართველმა გასულ წელს თავი ჯერ ვალენსიაში, შემდეგ კი - ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გამოიჩინა. საქართველოს ნაკრების მეკარე, კლუბის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა, ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებულ 4 მატჩში კი - 30 სეივი მიითვალა და ლეგენდარული, ფრანჩესკო ტოლდოს რეკორდი გაიმეორა.
საქართველოს ნაკრების მეკარემ გამოკითხვაში მეშვიდე ადგილი დაიკავა, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო კი - ზედიზედ მეორედ, ემილიანო მარტინესს გადაეცა. მამარდაშვილმა გამარჯვებულთან ერთად ფოტო სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.
ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ. საუკეთესო ახალგაზრდად ლამინ იამალი დასახელდა, წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი აიტანა ბონმატი გახდა. მთავარი ჯილდო - წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის წოდება და ოქროს ბურთი როდრიმ მოიპოვა. ესპანელმა რეალის ორ ვარსკვლავს, ვინისიუს ჟუნიორს და ჯუდ ბელინგემს აჯობა.
ოქროს ბურთის დაჯილდოებას წინ სკანდალი უძღოდა. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, გამარჯვებული სწორედ ესპანელი ხდებოდა, მადრიდის რეალი კი შედეგებს არ დაეთანხმა და დაჯილდოებას პროტესტი გამოუცხადა. მიუხედავად იმისა, რომ წლის საუკეთესო გუნდად მადრიდის რეალი დასახელდა, საუკეთესო მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, საუკეთესო ბომბარდირი კი კილიან მბაპე გახდა, სამეფო კლუბის არცერთი წევრი პარიზში არ ჩასულა.
ავტორი: ლაშაა ბერძენიშვილი