უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ქართველ კოლეგას არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვება პირადად მიულოცა. ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, საქართველოში შეგნებულად არ ჩამოვიდა. ორბანის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების სამართლიანობაში ეჭვის შეტანის რეალური მიზეზი არ არსებობს. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები პოზიტიური, თავისუფალი და დემოკრატიული იყო. ვიქტორ ორბანი საპარლამენტო არჩევნებს სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა და დაწერა, რომ ქართველმა ხალხმა ხმა მშვიდობას და კეთილდღეობას მისცა.
ირაკლი კობახიძე უნგრელ კოლეგას პირისპირ, შემდეგ კი მთავრობის წევრებთან ერთად, გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. ორივე შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ევროინტეგრაცია ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია.
პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, უნგრეთი მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. განათლება, ტურიზმი, ტექნოლოგიები და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტები - ვიქტორ ორბანმა ქვეყნებს შორის სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა.
ვიზიტის ფორმატში, ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ ორი ქვეყნის სტრატეგიული უწყებების ხელმძღვანელები. მინისტრებმა კონკრეტული პროექტები განიხილეს და სამომავლოდ განსახორციელებელი გეგმებიც შეიმუშავეს.
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერმა, საქართველოში ორ დღიანი ვიზიტი დაასრულა. უნგრეთის სამთავრობო დელეგაციამ თბილისი უკვე დატოვა.