23 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
ურთიერთბრალდებები საარჩევნო დარღვევებზე - როგორ პასუხობს “ოცნება“ ბრალდებებს

არჩევნებზე შესაძლო დარღვევების საერთაშორისო გამოძიებისკენ დღეს ხელისუფლებას ბრიუსელიდანაც მოუწოდეს. განცხადება დღის ბოლოს ჯოზეფ ბორელმა გააკეთა და თქვა, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დარღვევები, რომლებზეც საერთაშორისო დამკვირვებლები საუბრობენ - როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ისე უშუალოდ არჩევნების დღეს.

გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერიც, თუმცა აკონკრეტებს, რომ გამოძიება არ უნდა ჩაატარონ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა და შტატები ამ საკითხზე კონსულტაციებს ევროპელ პარტნიორებთან გადის. პარტნიორებთან კონსულტაციებს გადის სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც არჩევნების შემდეგ რამდენიმე ქვეყნის პირველს პირს ტელეფონით ესაუბრა, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტსაც. ანჟეი დუდამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯერ კიდევ 1 თვის წინ ვარშავაში ვიზიტის დროს, ზურაბიშვილმა მას განუცხადა, რომ არჩევნებში, სავარაუდოდ, “ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა, თუმცა არა ისე, რომ დამოუკიდებლად მმართველობის საშუალება მისცემოდა.

მორიგ არჩევნებში გამარჯვებული მმართველი პარტია კი, საქართველოს დემოკრატიის წინააღმდეგ დეზინფორმაციულ შტურმზე საუბრობს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და გარე აქტორები გაყალბების კამპანიის გამყარებას ფსევდო მტკიცებულებებით უშედეგოდ ცდილობენ.

სპიკერმა დღეს ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა მათი ოპონენტების მხრიდან წარმოდგენილ ფოტო-ვიდეო მასალაზეც - დისბალანსი ამომრჩეველთა რაოდენობასა და ოქმებთან მიმართებაში, მრავალჯერადი ხმის მიცემა, ქსენოფობიური განცხადებები, ზეწოლა და მოსყიდვა - პაპუაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციის ცრუ ბრალდებების მხილება მარტივია.

ბარიერგადალახული პარტიები, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, გაყალბების ფაქტებს აგროვებენ. ოპოზიცია დღეს რამდენჯერმე შეიკრიბა. პირველად ლევან ცუცქირიძის ოფისში, სადაც ამბობდნენ, რომ მათი სამოქმედო გეგმაა კოორდინაცია მტკიცებულებების გაერთიანების მიზნით.

ცუცქირიძის ოფისიდან ათონელის რეზიდენციაში გადაინაცვლეს, სადაც დილიდან სალომე ზურაბიშვილთან ასევე საარჩევნო დარღვევებზე ჯერ არასამთავრობოები და შემდეგ პოლიტიკური პარტიები მსჯელობდნენ.

პრეზიდენტთან დღეს არ იმყოფებოდა მხოლოდ გიორგი გახარია, თუმცა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციის საერთო მოთხოვნას უერთდება.

ხელისუფლების ოპონენტები არჩევნებში მონაწილეთა ბაზის გასაჯაროებასაც ითხოვენ, რომელიც მათი თქმით, ამომრჩეველს საკუთარი ხმის გადამოწმების საშუალებას მისცემს. საარჩევნო კომისიამ პარტიების მოთხოვნას არარეალური უწოდა და განმარტა, რომ მსგავსი ბაზის შექმნა კანონით არის შეზღუდული, რადგან ის შეიცავს პერსონალური მონაცემების გამჟღავნების რისკებს.

ცესკოს საქმიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველს ვერ ხედავს მმართველი გუნდი. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ყველა შესაძლო დარღვევა ადგილობრივ დონეზე ობიექტურად იქნება გამოძიებული და მას ზედამხედველობას საერთაშორისო ორგანიზაციებიც გაუწევენ.

საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების მიღება ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები