23 ნოემბერი 2024,   14:07
ვრცლად
ათონელის რეზიდენციაში ოპოზიციისა და პრეზიდენტის შეხვედრა დასრულდა - ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ კონსულტაციები მათ სამოქმედო გეგმას ეხებოდა

ათონელის რეზიდენციაში ოპოზიციისა და პრეზიდენტის შეხვედრა დასრულდა. კონსულტაციებს, გახარიას გუნდის გარდა, ყველა იმ კოალიციის წევრები ესწრებოდნენ, რომლებმაც არჩევნებზე ბარიერი გადალახეს.

პრეზიდენტის სასახლეში მისვლამდე კი მათ შეხვედრა ლევან ცუცქირიძის ოფისში ჰქონდათ. ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ კონსულტაციები მათ სამოქმედო გეგმას ეხებოდა.

“ჩვენ ვართ სრულ კოორდინაციაში პრეზიდენტთან, მასთან გვაქვს ძალიან ინტენსიური კონსულტაციები იმისათვის, რომ ერთი მხრივ შედგეს ამგვარი საერთაშორისო გამოძიება, რაც ახალი არჩევნების საფუძველი გახდება და ხალხს დაუბრუნდეს ევროპული მომავალი. ერთადერთი გამოსავალი მდგომარეობს ხელახალ არჩევნები, რომელიც საერთაშორისო ადმინისტრაციის მიერ ჩატარდება,"“ აცხადებს პლატფორმის “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერი თინათინ ბოკუჩავა.

სალომე ზურაბიშვილთან იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებიც:

“დღეს გადის ვადა საბოლოოს იმისათვის, რომ შევიტანოთ საჩივრები, შესაბამისად ვსაუბრობდით თუ რასთან დაკავშირებით შეგვაქვს საჩივარი. დაახლოებით შევა 200-მდე საჩივარი, სადაც კონკრეტული უბნების შედეგების ბათილობას ვითხოვთ,“- აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

დღის ამბები