მთელი ეს აჟიოტაჟი, რაც ბოლო პერიოდში ლარის გაცვლით კურსს და სებ-ის მიერ ინტერვენციებს ეხებოდა, სრულდება. განვმეორდები რეზერვების ხარჯვა მოკლევადიანი ერთჯერადი ფაქტორების აღმოფხვრას და გაცვლითი კურსის სტაბილიზაციას ემსახურება და არც რომელიმე კანონით არ არის დადგენილი ინტერვენციების ლიმიტი, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე “ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
მისივე თქმით, სექტემბერ - ოქტომბერში სავალუტო ინტერვენციების მოცულობა არა მისი სიდიდის მიხედვით უნდა შეფასდეს, თუნდაც ეს ჯამურად 500 მილიონი იყოს, არამედ თუ როგორია მონეტარული აგრეგატები, მათ შორის დეპოზიტების დინამიკა.
“2024 წლის სექტემბრის ფინანსური შედეგების მიხედვით გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში მოქმედ კომერციული ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 57.65 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარებით 1.52 მილიარდი ლარით (2.72%-ით) მეტია, მათ შორის ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტები არა თუ შემცირდა, არამედ გაიზარდა 824.25 მილიონი ლარით, ანუ 3.32%-ით, ხოლო დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის სექტემბრის ბოლოსათვის 51.21% შეადგინა, წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა სულ რაღაც 0.57 პროცენტული პუნქტით“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.
მისივე განმარტებით, წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გამო, არც დეპოზიტები გაუტანიათ და არც მასიური კონვერტაციაა განხორციელებული დოლარში გადაყვანით, რაზეც ასე ხდებოდა არასწორი ექსპერტული შეფასებები.
“ქვეყანაში, რომ საარჩევნო პერიოდის ნეგატიური ზეგავლენა ნაკლებად მოსალოდნელი იყო, მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის ეკონომიკური ზრდის 7.6 პროცენტამდე გაზრდილმა განახლებულმა პროგნოზებმაც დაადასტურა. სწორედ მაღალი ზრდა განაპირობებს დროებით დახარჯული რეზერვების შევსებასაც და სავალუტო კურსის სტაბილიზაციასაც დაბალი ინფლაციის პირობებში“, - წერს ეკონომიკის ექსპერტი.