23 ნოემბერი 2024,   20:02
ვრცლად
"ინტენსიურად ვრცელდება დეზინფორმაცია მედიასა და სოციალურ ქსელებში - მანიპულაციური და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელება კამპანიური ხასიათისაა და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად" - ცესკოს პრესსპიკერი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა. პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ინტენსიურად ვრცელდება დეზინფორმაცია მედიასა და სოციალურ ქსელებში.

"მანიპულაციური და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელება კამპანიური ხასიათისაა და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროცესის შესახებ საზოგადოებას ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია", - აღნიშნა ნათია იოსელიანმა.

მისი თქმით, ცესკო არცერთი დეზინფორმაციის რეაგირების გარეშე დატოვებას არ აპირებს.  

"გვინდა, გაგიზიაროთ სიმართლე, რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ საქსტატის ეროვნული სამსახურის და ამომრჩეველთა სიების მონაცემების ერთმანეთთან შედარებით ხდებოდა კამპანიური ხასიათის მანიპულაცია, ინტენსიურად დაიწყო ახალი დეზინფორმაციის გავრცელება. მანიპულაციური კამპანიის გაგრძელებაა, ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული პირის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, ხმის დათვლის მანქანებიდან სხვადასხვა დროს ამობეჭდილი ამონაწერების შესახებ, რომელიც განსხვავებულ მონაცემებს შეიცავს. სინამდვილეში, ხელვაჩაურის მე-16 უბანზე იყო განთავსებული სამი ხმის მთვლელი აპარატი. პირველ ეტაპზე, ამოიბეჭდა მხოლოდ ორი აპარატის შედეგი და მისი ამსახველი ქვითარი, შემდეგ კი დაიბეჭდა სამივე ხმის მთვლელი აპარატის ანგარიში. სამივე აპარატის კონსოლიდირებული ქვითრის მონაცემები ზუსტად ემთხვევა ბიულეტენების ხელით გადათვლის შედეგად შედგენილი შემაჯამებელი ოქმის მონაცემებს და ორივეგან 1404 ბიულეტენია დაფიქსირებული. ფაქტს ადასტურებს საუბნო საარჩევნო კომისიის თანამშრომლებიც.

კიდევ ერთი მანიპულაცია უკავშირდება საგარეჯოს ერთ-ერთ უბანზე გაუქმებული პირადობით ხმის მიცემის საკითხს. იქმნება აღქმა, რომ მსგავს ფაქტებს ჰქონდა მასიური ხასიათი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. კონკრეტულად, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით დაწერილია საჩივარიც, რომელიც შესაბამისი პროცედურის მიხედვით, იქნება განხილული, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირს, რომელმაც ხმა მისცა გაუქმებული პირადობით, ჰქონდა მოქმედი პასპორტი და სწორედ ამიტომ იყო ის შეყვანილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

მანიპულაციური ინფორმაციები ვრცელდება საარჩევნო ბიულეტენებთან დაკავშირებითაც. მაგალითისთვის, ერთ-ერთი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ავრცელებს ბიულეტენის ფოტოს, სადაც ერთ-ერთი სუბიექტი არის გადახაზული და არცერთი წრე არ არის გაფერადებული. მიუხედავად ამისა, რომ ასეთი ბიულეტენები ერთმნიშვნელოვნად ითვლება ბათილად, ორგანიზაცია ირწმუნება, რომ ბიულეტენი ნამდვილად ჩაითვალა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. აღნიშნული მარტივად დასტურდება, აპარატის მიერ ამობეჭდილი ჩეკის და შემაჯამებელი ოქმის შედარებით.

დღეს დილიდან, სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლები მოუწოდებენ საარჩევნო ადმინისტრაციას, შექმნან არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ბაზა იმისთვის, რომ ამომრჩეველს მიეცეს შესაძლებლობა, გადაამოწმოს საკუთარი თავი არჩევნებზე მომსვლელ ამომრჩეველთა სიაში. პოლიტიკოსებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ აღნიშნული ქმედება კანონით არის შეზღუდული და ასეთი ბაზის შექმნა შეიცავს პერსონალური მონაცემების გამჟღავნების რისკს, რაც ეწინააღმდეგება არჩევნების ერთ-ერთ აღიარებულ ფუნდამენტურ პრინციპს და კარგ საერთაშორისო პრაქტიკას.

აქვე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ საკითხზე არ დაწერილა არცერთი საჩივარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ პარტიების წარმომადგენლები პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, არარეალურ მოთხოვნებს აყენებენ იმისთვის, რომ შექმნან აღქმა, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია ინფორმაციას მალავს.

და ბოლოს, გვინდა, გამოვეხმაუროთ საქართველოს პრეზიდენტს, განცხადებას. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო ტექნოლოგიები იყო გამოყენებული არჩევნების გასაყალბებლად. მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს, ყურადღებით გაეცნონ ამერიკული კომპანია PRO V&V-ის დასკვნას ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, მასში პრობლემების აღმოჩენის შემთხვევა კი მიმართონ სამართლებრივ ზომებს. ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას და რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ არც ერთ დეზინფორმაციას", - აცხადებს ნათია იოსელიანი.

 

დღის ამბები