24 ნოემბერი 2024,   01:11
ვრცლად
"2020 წელს შედგა შეთანხმებები რადიკალებთან, იყო შარლ მიშელის შეთანხმება, მაგრამ პირობას ვაძლევ ჩვენს ამომრჩეველს, რომ ეს აღარ განმეორდება" - დავით კაჭარავა

პარლამენტის წევრი, დეპუტატი დავით კაჭარავა საპარლამენტო არჩევნებსა და რადიკალური ოპოზიციის გეგმებს ეხმიანება.

"ისღა დარჩენია ოპოზიციას, აქცენტები სხვაგან გადაიტანოს და ამომრჩეველს გაყალბებულად მოაჩვენოს არჩევნები - ეს უკვე გავლილია, ეს ფილმი ყველას ნანახი აქვს"- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა და შედეგები საერთაშორისო ორგანიზაციებმაც აღიარეს.

დავით კაჭარავამ აღნიშნა, რომ რადიკალურ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები და შეთანხმებები არ იქნება. მისი თქმით, საქართველომ წინ დიდი ნაბიჯი გადადგა, რადგან არჩევნები კონკურენტულ, მშვიდ გარემოში ჩატარდა და ეს ყველამ თავად იხილა.

"2020 წლის არჩევნების შემდეგაც დაახლოებით იგივე სცენარი გაათამაშეს, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე სხვა რეალობაში ვართ. ჩვენ არ ვაპირებთ უკან არც ერთი ნაბიჯის გადადგმას. ამ ადამიანების - მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქის ხმას, ჩვენ დავიცავთ და არ ვისაუბრებთ ოპოზიციასთან, არ იქნება რაიმე სახის შეთანხმებები.

ძალიან კარგად გახსოვთ 2020 წელს შედგა შეთანხმებები, იყო შარლ მიშელის შეთანხმება. არ ვფიქრობ, რომ კვლავ მოხდება ასეთი რამ.

პირობას ვაძლევ ჩვენს ამომრჩეველს, რომ ეს აღარ განმეორდება. ყველაფერი ნათელია, საზოგადოებამ ყველაფერი კარგად დაინახა და საერთაშორისო ორგანიზაციებმაც აღიარეს არჩევნები. ახლა ისღა დარჩენია ოპოზიციას, აქცენტები სხვაგან გადაიტანოს და ამომრჩეველს გაყალბებულად მოაჩვენოს არჩევნები, თუმცა ეს უკვე გავლილია, ეს ფილმი ყველას ნანახი აქვს. ჩვენ ზუსტად ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, ვიცით ჩვენი გზა და ვიცით, რისთვის მოგვცა ხმა ამომრჩეველმა - დავუდგეთ ჩვენს ქვეყანას გვერდში, ჩვენი ქვეყნის უკეთესი დღისთვის. ჩემი გადმოსახედიდან, ამ არჩევნებით საქართველომ დიდი ნაბიჯი გადადგა წინ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის იმიტომ, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ, კონკურენტულ გარემოში და თითოეულმა ქართველმა ეს თავად ნახა," - აღნიშნა დავით კაჭარავამ.

დღის ამბები