23 ნოემბერი 2024,   14:18
ვრცლად
ოპოზიციის უარი მანდატებს - "კოალიცია ცვლილებებისთვის" საპარლამენტო სიას ხსნის

არჩევნებიდან მეორე დღეს "კოალიციამ ცვლილებისთვის" ცესკოს შედეგები არ აღიარა და მანდატებზე უარი თქვა. საგანგებო ბრიფინგი კოალიციაში დღის მეორე ნახევარში გაიმართა, სადაც სიის პირველმა ნომერმა გადაწყვეტილება გამოაცხადა. საარჩევნო სიის მიღმა მყოფმა ნიკა გვარამიამ კი თქვა, რომ სიების ჩასახსნელად მზად არის.

სრულმასშტაბიანი დაუმორჩილებლობა პარტიის ოფისიდან გამოაცხადა და კიდევ ერთ აუდიენციაზე ათონელის სასახლეში წავიდა. დღის ბოლოს გაირკვა, რომ პრეზიდენტის ქარტიაზე ხელმომწერმა კიდევ ერთმა კოალიციამ "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა.

შეუერთდებიან თუ არა ამ კოალიციების გადაწყვეტილებას საპარლამენტო მანდატების ჩახსნასთან დაკავშირებით "ძლიერი საქართველოს" და "გახარია საქართველოსთვის" პარტიის წევრები, უცნობია. "ძლიერი საქართველოს" კოალიციის წევრმა ანა დოლიძემ პრეზიდენტთან შეხვედრამდე მხოლოდ ის თქვა, რომ პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე საუბარი ნაადრევია, რადგან კონსულტაციები გრძელდება. სამოქმედო გეგმად მათ შორის საპროტესტო გამოსვლებიც განიხილება.

პრეზიდენტისა და მისი ქარტიის მხარდამჭერი 4 ოპოზიციური პარტიის კონსულტაციებს პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. მთავრობის მეთაურისთვის მიუღებელია კონსტიტუციურ წყობასთან დაპირისპირების ნებისმიერი მცდელობა.

მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით კი, სახელისუფლებო პარტია ბარიერგადალახულ ოპოზიციას ურჩევს, რომ თავისი სიტყვა უკან აღარ წაიღოს და საპარლამენტო სიები ჩახსნას.

პრეზიდენტმა ათონელის სასახლის კარი ოპოზიციისთვის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, დღეს დილიდან გახსნა. 4 ოპოზიციური კოალიციის გარდა სალომე ზურაბიშვილმა კონსულტაციები დღეს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც გამართა.

დღის ამბები