ეუთოს სპეციალურ კოორდინატორს, პასკალ ალიზარდს კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით, კითხვები არ აქვს.
საარჩევნოდ ახალი ტექნოლოგიების გამოყენება შეუფერხებლად და პროფესიონალურად მოხდა სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების მოსაზრებითაც. სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელებმა დადებითად შეაფასეს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა და განაცხადეს, რომ საერთო ჯამში არჩევნები საქართველოში კონკურენტული იყო.
სადამკვირვებლო მისიის პრესკონფერენციაზე საუბარი შეეხო დარღვევებსაც. ამომრჩევლების მოსყიდვა და დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, არათანაბარი გარემო მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ხმის ფარულობის დარღვევა და პოლარიზებული გარემო - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რაზეც საერთაშორისო დამკვირვებლებმა ყურადღება გაამახვილეს. მისიების ხელმძღვანელებმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონიც არაერთხელ ახსენეს და თქვეს, რომ მსგავსი კანონმდებლობა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას აფერხებს.
იმ დარღვევებს შორის, რომლებიც დამკვირვებლებმა აღრიცხეს, მოხვდა ხმის დუბლირება. განმეორებითი ხმის მიცემის ფაქტებზე, ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ვკითხეთ, კონკრეტულად რომელ საარჩევნო უბანზე მოხდა მსგავსი დარღვევა. საპასუხოდ გაირკვა, რომ დამკვირვებლებმა ხმის დუბლირების მცდელობის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა მოინიშნეს, რაც არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენდა.
ეუთო/ოდირი, ევროპის საბჭოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტი - სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნას, რამდენიმე თვეში გამოაქვეყნებენ. წინასწარი შეფასებისას, დღეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ახლად არჩეულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას გააგრძელებენ, რათა ეფექტურად მოხდეს არსებულ გამოწვევების გადალახვა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან უფრო მეტად დაახლოებას.