24 ნოემბერი 2024,   01:12
ვრცლად
ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, არჩევნების ლეგიტიმურობა პოლიტიკური შეფასებაა, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები ვერ გააკეთებენ

იმას, რასაც ეუთო/ოდირი აღიარებს, უნდობლობას უცხადებს ოპოზიცია - მმართველი გუნდის ოპონენტები ფიქრობენ, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა პოლიტიკური შეფასებაა, რასაც სადამკვირვებლო ორგანიზაციები ვერ გააკეთებენ. საერთაშორისო ორგანიზაციების პირველადი შეფასების გასაჯაროების შემდეგ რომ ოპოზიციას არჩევნების არაღიარების მიზეზები გაუნულდა, ამას ხელისუფლება აცხადებს. "არჩევნები შედგა. ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს" - თქვა ქვეყნის პრემიერ- მინისტრმა.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის პირველადი შეფასებების გასაჯაროების შემდეგ, სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ მანიპულაციების შესაძლებლობა არჩევნების არაღიარების მიზეზებთან დაკავშირებით ოპოზიციას გაუნულდა. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნა, პრემიერ-მინისტრის აზრით, ადასტურებს, რომ არჩევნები 2024 დემოკრატიულ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდა. ირაკლი კობახიძე დამკვირვებლების გზავნილებში საარჩევნო პროცესისა და შედეგის აღიარებას ხედავს.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასება დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგებით მეორე ადგილზე გასული ოპოზიციური ძალისთვის. "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერები ახლა ამტკიცებენ, რომ საერთაშორისო მისიების დასკვნებზე მეტად, რეალობას საზოგადოებაში გაჩენილი აღქმები და ქართული ენჯეოების პოზიცია გამოხატავს.

ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დასკვნას გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ანიჭებენ არც "ლელოს" ირგვლივ გაერთიანებული "ძლიერი საქართველოს" წევრები. მათი თქმით, მისიები რადიკალურ განცხადებებს ყოველთვის ერიდებიან, თუმცა ეუთოს წარმომადგენლებმა საარჩევნო პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრეს.

ოპონენტებს სიმულაციური რეალობის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებენ მმართველ პარტიაში. სახელისუფლებო გუნდის ლიდერები ამბობენ, რომ ოდირის შეფასება არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით ყოველგვარ კითხვას აბათილებს. პოლიტიკოსების თქმით, მისიების ხელმძღვანელებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს რომ 26 ოქტომბრის არჩევნები დემოკრატიულ, ჯანსაღ და გამჭვირვალე პირობებში ჩატარდა.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელებმა დღეს შეაფასეს. ისაუბრეს დარღვევებზე, თუმცა თქვეს ისიც რომ საერთო ჯამში პროცესი კონკურენტულ გარემოში ჩატარდა.

დღის ამბები