24 ნოემბერი 2024,   02:11
ვრცლად
"უახლოეს ისტორიაში, უახლოეს 4 წელიწადში ჩვენ გავაკეთებთ ძალიან ბევრს, არ იქნება სიცრუე, არ იქნება ღალატი და არ იქნება მამაძაღლობა, ამას გპირდებით ნამდვილად" - ბიძინა ივანიშვილი

"არ იქნება სიცრუე, არ იქნება ღალატი და არ იქნება მამაძაღლობა, ამას გპირდებით ნამდვილად", - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, "ქართული ოცნების" ოფისში გამართული ბრიფინგის დროს განაცხადა. 

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მომავალი 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში უკეთესობისკენ ძალიან ბევრი რამ შეიცვლება. 

"დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ აქ შეკრებილ საზოგადოებას და მთელ საქართველოს, ჩვენს საყვარელ ამომრჩეველს, რომელიც გულწრფელად ასეთი ერთგულებით მოგვყვება უკვე მეოთხე არჩევნებია, არჩევნები უფრო მეტი ჩატარდა, მაგრამ ძირითადად ითვლება საპარლამენტო არჩევნები.

იშვიათია ასეთი შემთხვევა მთელს მსოფლიოში, რომ ერთი და იგივე პარტია ასეთ რთულ სიტუაციაში აღწევდეს ასეთ წარმატებებს. ეს არის ქართველი ხალხის ნიჭიერების კარგი მაჩვენებელი. გასაგებია, რომ ჩვენზე მდიდარი ქვეყნები არსებობენ, ჩვენზე დიდი ხნის დემოკრატია აქვს, მაგრამ საზოგადოება ჩვენი არ არის არც ერთ მდიდარ ქვეყანაზე ნაკლები საზოგადოება, გარწმუნებთ, სწორედ ამ შეგნებით, იმ გაგებით, რომ ვის უნდა მისცენ ხმა და საით უნდა წაიყვანონ ქვეყანა. ეს არის გადამწყვეტი ჩვენთვის და აუცილებლად ჩვენი ქვეყანა დიდ წარმატებებს მიაღწევს უახლოეს ისტორიაში. გარწმუნებთ, რომ უახლოეს ისტორიაში, უახლოეს 4 წელიწადში ჩვენ გავაკეთებთ ძალიან ბევრს და კიდევ შემდეგ 4 წელიწადში საქართველო იქნება ყველაზე წარმატებული ქვეყნების რიგში და არა ისე, რომ ჩვენ დღეს რეიტინგებით ვედრებით ვიღაცებს.

ჩვენ ჩვენი მხრივ - "ქართული ოცნება" აუცილებლად დავაფასებთ ამ [თანადგომას]. გუნდის ლიდერები, რომლებიც დღეს წარმოდგენილები არიან, ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილია - დავიწყებთ პრემიერ-მინისტრის, სანთლით საძებნი კაცია, თუ გინდათ სანდოობა, განათლება, კულტურა, ყველაფერი აქვს, გუნდში უამრავი წარმატებული წევრი გვყავს, ვუყურებ და მიხარია, როდესაც ვხედავ პარლამენტარს, სპორტსმენს თუ წარმატებულ ადამიანს.

ერთი რამ იცოდეთ, მცდელობა "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ საქართველომ მიიღოს საუკეთესო შედეგები ყველა მიმართულებით - გუნდი ამას არ დააკლებს. არ იქნება სიცრუე, არ იქნება ღალატი და არ იქნება მამაძაღლობა - ამას გპირდებით ნამდვილად. პოლიტიკას მამაძაღლობა ახლავს, სამწუხაროდ, და ეს სიტყვაც უნდა ვიხმარო", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

დღის ამბები