23 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
"პაციენტებისთვის არჩევანის თავისუფლება" - რა სიახლეს ნერგავს ჯანდაცვის სამინისტრო

"პაციენტებისთვის არჩევანის თავისუფლება" - ეს ის სიახლეა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო მალე განახორციელებს. გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ პაციენტებს სერვისის გაუმჯობესება საკუთარი სახსრების დამატებით შეეძლებათ. მოქალაქეს პროგრამიდან გასვლა მხოლოდ იმის გამო, რომ მას სურვილი აქვს, განსხვავებული სამედიცინო მომსახურება მიიღოს და თანხა თავად გადაიხადოს - აღარ მოუწევს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ კოვიდპანდემიის დროს შემოწმების შედეგად დაჯარიმებული კლინიკები, 20%-იანი გადახდის პირობებში, ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან. შესაბამისი დოკუმენტების დაინიციირებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც აქცენტი ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა, კლინიკებისთვის ანაზღაურების ვადების შემცირებას უკავშირდება.

ჯანდაცვის სექტორში ახალი რეფორმები რომ პაციენტებისა და კლინიკების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ტარდება, ამაზე დღეს ექიმებიც საუბრობდნენ.

ჯანდაცვის ასოციაციაში ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილება სამედიცინო მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს. "ჯეოჰოსპიტალის" სამეთვალყურეო საბჭოში კი აქცენტს პაციენტებისთვის სერვისების გაზრდის მიმართულებაზე აკეთებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეფორმების განხორციელების პროცესი, გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ, წლის ბოლოდან დაიწყება.

დღის ამბები