რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა იწყება. სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის შესახებ პრეზენტაცია ჯანდაცვის მინისტრმა წარადგინა.
მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, იგეგმება არსებული ძირითადი შენობების რეაბილიტაცია, ასევე რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე აშენდება ახალი შენობა. საავადმყოფო 700-მდე საწოლზე იქნება გათვლილი.
"ყოველთვის, როდესაც ქვეყნისთვის მძიმე პერიოდი იყო, რესპუბლიკური საავადმყოფო ჯანდაცვის სისტემის ხერხემალი იყო. ყველას გვაქვს ამბიცია და სურვილი, რომ ის გარდაიქმნას დაწესებულებად, რომელიც კვლავაც იქნება ჯანდაცვის სისტემის ფლაგმანი. ვგეგმავთ, რომ შენობა მთლიანად იქნეს რეაბილიტირებული. მიუხედავად იმისა, რომ ფუნქციონირების გაგრძელება დიდ სირთულეს შექმნის, საავადმყოფო უწყვეტად გააგრძელებს იმ სერვისს, რომელსაც ის ახორციელებს.
სადაც არის ე.წ პათანატომის შენობა, მის ნაცვლად აშენდება ახალი, ასევე მულტიპროფილური კომპლექსის ერთი ნაწილი, ახალი შენობა. ამავე ეზოში იფუნქციონირებს ე.წ. ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო. ეს იქნება, დაახლოებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, როდესაც მთლიანად დავასრულებთ სარეაბილიტაციო და სამშენებლო ინფრასტრუქტურული სამუშაოებს. მთელი პროექტის განსახორციელებლად, საორიენტაციო ბიუჯეტი იქნება 160 მილიონი ლარი", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძე.