"ბასიანის" უკანაც იდგა კონკრეტული მიზანი და ამოცანა. პოლიცია და ახალგაზრდები, პირველად, აბსოლუტურად ხელოვნურად, მაშინ დაუპირისპირა გახარიამ ერთმანეთს. ვფიქრობთ, აქაც, ის მოქმედებდა ისეთივე გარე დავალებით, როგორითაც ეს ადამიანი ზოგადად მოქმედებდა და დღემდე მოქმედებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადაცემაში "ღამის კურიერი".
ირაკლი კობახიძემ გახარიას შს მინისტრის პოზიციაზე ყოფნის დროს ჩატარებულ სპეცოპერაციებზე ვრცლად ისაუბრა.
"რაც შეეხება გახარიას - მისი ქმედებები - მესტიასა და პანკისში სპეცოპერაცია იყო ისე დაგეგმილი, რომ, საბოლოო ჯამში, სპეცრაზმი, შსს, დატოვეს შეურაცხყოფილი. პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას დაუპირისპირეს - ერთ შემთხვევაში, მესტიაში; მეორე შემთხვევაში - პანკისში. ორივე შემთხვევაში, სახელმწიფო და სამართალდამცველი უწყება წარმოჩინდა სუსტად. ეს შეგნებულად იყო გაკეთებული. შეურაცხყოფილი დატოვეს ჩვენი სამართალდამცველები, რაც იყო, ზოგადი გაგებით, დანაშაული. ვფიქრობ, აქ შეიძლება, ვიღაცამ დაინახოს კონკრეტული სისხლისსამართლებრივი ქმედების ნიშნებიც. სამართლებრივად, [ამ საქმეებზე] ხანდაზმულობის ვადა არ გასულა.
ბასიანის უკანაც იდგა კონკრეტული მიზანი და ამოცანა. პოლიცია და ახალგაზრდები, პირველად, აბსოლუტურად ხელოვნურად, მაშინ დაუპირისპირა გახარიამ ერთმანეთს. ვფიქრობთ, აქაც, ის მოქმედებდა ისეთივე გარე დავალებით, როგორითაც ეს ადამიანი ზოგადად მოქმედებდა და დღემდე მოქმედებს. 20 ივნისს რაც მოხდა, ესეც ყველას გახსოვთ - მან, შეგნებულად, არ გამოიყენა წყლის ჭავლი, არ გამოიყენა გაზი... აბსოლუტურად გაუგებრად, წინა ჭიშკრის წინ დააყენა პოლიციელები, რათა მაქსიმალური კონტაქტი ყოფილიყო და მაქსიმალური პრობლემა შექმნოდა სპეცრაზმს.
რაც მოხდა ჩორჩანაში - როცა არავინ ჩააყენა საქმის კურსში და მძიმე ესკალაციამდე მიჰყავდა პროცესები - აქ რომ არ ჩართულიყო სისტემა, პრევენციაზე რომ არ ემუშავა, კაცმა არ იცის, სადამდე მივიდოდა ეს ყველაფერი.
მის პრემიერად დანიშვნას ორმაგი ეფექტი ჰქონდა. ერთი - ის ჩამოშორდა შსს-ს, სადაც მას ბევრად მეტის გაფუჭება შეეძლო (მათ შორის, ასეთი სპეცოპერაციებით და ა.შ. მუდმივად აზიანებდა სახელმწიფო ინსტიტუტებს); მეორე - ეს იყო ერთგვარი ხარკი, რომელიც გუნდმა გადაუხადა მის პატრონებს. მახსოვს, იყო კონკრეტული მოთხოვნა შს მინისტრის პოზიციიდან მის არგადაყენებასთან დაკავშირებით. ასეთი მოთხოვნა იყო. მას ჰყავს პატრონები... დეტალებში არ შევალ... ეს პატრონები ავალებდნენ იმ ქმედებების განხორციელებას, რომელსაც ახორციელებდა. ავალებდნენ, დაეპირისპირებინა სახელმწიფო და მოქალაქეები, პოლიცია და ახალგაზრდები. ამ დავალებებს პირნათლად ასრულებდა. გახარიას მაგალითი არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, რომელიც აჩვენებს, რამდენად დაუშვებელია რომელიმე აგენტის ძალაუფლებასთან გაკარება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.