საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ომისა და მშვიდობის დილემის საკითხი დღესაც ძალიან აქტუალური თემაა და მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე მანამდე იქნება, სანამ პირველი ფრონტი არ დასრულდება.
როგორც ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით ყველაზე დიდი წნეხის ქვეშ საქართველოს ხელისუფლება 2022 წლის თებერვალ-მარტ-აპრილში იმყოფებოდა, როდესაც შეხვედრები შედგა და პირდაპირ ითქვა, რომ საქართველოში 3 მილიონი ადამიანია ცხოვრობდა ყველას მოკვლას ვერ შეძლებდნენ და ქვეყანა პარტიზანულ ომზე უნდა გადასულიყო.
"რაც შეეხება ომსა და მშვიდობას, ეს არის აბსოლუტურად რეალური დილემა, რომლის წინაშეც ახლაც დგას ჩვენი ქვეყანა. რა თქმა უნდა, პროცესები იყო უფრო ინტენსიური 2022 წლის თებერვალ-მარტ-აპრილში, ყველაზე მძიმე ზეწოლა და შანტაჟი მაშინ იყო ხელისუფლების წინააღმდეგ. თუმცა ეს პრობლემა დღესაც სახეზეა ერთი მარტივი მიზეზის გამო, ვიდრე პირველი ფრონტი არის ძალაში, მეორე ფრონტის ინტერესიც არსებობს. ჩვენ ამიტომ ვამბობთ, რომ როდესაც ომი დასრულდება უკრაინაში, ამის შემდეგ უკვე რადიკალურად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. როგორც კი გაქრება პირველი ფრონტი, აღარ იქნება მეორე ფრონტის ინტერესი. აქ უმარტივესი ლოგიკაა. ეს ინტერესი იმისთვის არსებობს, რომ პირველ ფრონტს შეუმსუბუქდეს მდგომარეობა, მთავარი ამოცანა აქ არის. მაგრამ, არ შეიძლება ჩვენი ქვეყანა შევწიროთ ამ ამოცანას. ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს თავის გლობალური ამოცანები, ჩვენ შეიძლება ამას პატივი ვცეთ, მაგრამ ჩვენ, ვერავითარ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანას ვერ გავწირავთ ამ გლობალური ამოცანების გამო. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ქართველი ხალხის წინაშე, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, რომლებიც საერთო ვერ გრძნობდნენ პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე, რადგან გარედან იყვნენ მოყვანილები. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები ამ ქვეყნის წინაშე, ამ სახელმწიფოს და ამ ქვეყნის მოსახლეობის წინაშე. აქედან გამომდინარე, ელემენტარულად, უფლება არ გვაქვს, გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც ამ ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ საზოგადოებას, რომ აქ ძალიან მყარი პოზიცია უნდა დაფიქსირდეს. არის არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის და არჩევანი უნდა გაკეთდეს აუცილებლად მშვიდობის სასარგებლოდ.
მე მინდა შეგახსენოთ, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში 2022 წელს. ომამდეც იყო გარკვეული შეხვედრები, ომის შემდეგი დღეები, ერთმანეთის მიყოლებით იყო ერთმანეთზე მძიმე. სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება ის კონკრეტული ფაქტი. ეს ხდებოდა უშუალოდ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში. ერთ-ერთი შეხვედრა რომლის გაიმართა, ჩვენ არ ვასახელებთ იმას, თუ ვინ იყო შეხვედრის მეორე მხარე, მაგრამ შედგა უმძიმესი დიალოგი, რაზეც მაშინ ინფორმაცია მოგვაწოდა ირაკლი ღარიბაშვილმა. უმძიმესი შინაარსის დიალოგია, გეუბნებიან, რომ შეიძლება რამდენიმე დღეში განხორციელდეს მთლიანი ქვეყნის ოკუპაცია, მაგრამ სამი მილიონი ხართ და ვერ გაგწყვეტენ ბოლომდე და უნდა გადახვიდეთ პარტიზანულ ომზე. ამაზე იყო საუბარი, რომ თქვენ ხართ 3 მილიონი, ყველას ვერ მოგკლავენ და უნდა გადახვიდეთ პარტიზანულ ომზე, ამაზე იყო სიტყვასიტყვით საუბარი. ვისი მხრიდან იყო ეს საუბარი მაგას, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.