23 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
ხელისუფლება, პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებზე მტკიცებულებებს ითხოვს

არჩევნებამდე 5 დღით ადრე, "ნაცმოძრაობა" კვლავ პირადობის მოწმობების უკანონო გზით მითვისებაზე საუბრობს. სპიკერი, ისე როგორც 4 წლის წინ, კვლავ თამარ კორძაიაა. "ნაცმოძრაობის" წევრი, რომელიც 2020 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ცრუ ბრალდების გაჟღერებაში ამხილა, დღესაც ამტკიცებს, რომ მმართველი ძალა პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენებას ცდილობს. კორძაიას ირწმუნება რომ სამხილები გასულ არჩევნებზეც ჰქონდა, თუმცა რატომ არ ითანამშრომლა გამოძიებასთან - ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

"ნაციონალურ მოძრაობა" ამომრჩევლის მოსყიდვასა და პირადობის მოწმობების უკანონოდ მოპოვებაში დღეს პარტიის ყოფილმა კოორდინატორმა თავად დაადანაშაულა. ცირა კვარაცხელია, რომელიც სააკაშვილის პარტიას სამეგრელოს რეგიონში წარმოადგენდა, ახლა ამბობს რომ მზადაა "ნაცმოძრაობის" მამხილებელი ფაქტები სამართალდამცავ ორგანოებს გადასცეს.

ყოფილი სახელისუფლებო პარტიის ბრალდებებმა და აქტიურობამ, მმართველ გუნდს 2020 წლის არჩევნები გაახსენა. ეკა გიგაურის, ელენე ხოშტარიასა და თამარ კორძაიას მაშინდელი ბრალდებები სწორედ პირადობის მოწმობებს უკავშირდებოდა, თუმცა არცერთმა მათგანმა მაშინ პროკურატურისთვის ინფორმაციის წყაროს დასახელება მაშინ არ ისურვა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიცია და მესამე სექტორი ამ ფორმით 4 წლის წინანდელი სცენარის გამეორებას და პროცესების ქუჩაში გადატანას ცდილობს.

რატომ არ ითანამშრომლეს 4 წლის წინ ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა გამოძიებასთან - ამ კითხვაზე ხელისუფლების ოპონენტებს პასუხი არ აქვთ. სამოქალაქო საზოგადოებაში კი ამტკიცებენ, რომ ბრალდების მხოლოდ სიტყვიერად გაჟღერების შემდეგ, მისი გადამოწმებისა და სიმართლის დადგენის ვალდებულება პროკურატურას, მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, ჰქონდა.

წინასაარჩევნო პროცესი უპრეცედენტოდ მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს, რაც ოპოზიციას არ აწყობს - ასეთია პრემიერ-მინისტრის პოზიცია. ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა, რომ ოპონენტები საარჩევნო პროცესის მიზანმიმართულ დისკრედიტირებას ცდილობენ. მიზანი კი ერთია - ელექტორატის შეცდომაში შეყვანა და წაგებული არჩევნების შემდეგ ქუჩის პროცესების წახალისება.

საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება. პარტიები აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობენ. 2020 წლის მსგავსად ოპოზიცია ახლაც ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების მითვისებას ცდილობს, თუმცა ამ დრომდე არცერთი დადასტურებული ფაქტი არ წარმოუდგენია.

დღის ამბები