ქართული ფეხბურთის ახალმა თაობამ უკვე ბევრჯერ გაგვაოცა. ამჯერად ვსაუბრობთ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებზე, რომელიც ისტორიაში პირველად, ევრო 2025-ის ფლეი ოფში მოხვდა. ჩვენი გუნდი 15 ნოემბერს ხორვატიას შეხვდება. პირველი თამაში საქართველოში ჩატარდება.
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში არცთუ ისე ბევრი შემთხვევაა, როდესაც ერთ გუნდში ტყუპი თამაშობს. საქართველოში კი უკვე მეორედ ხდება, როდესაც ერთ სტადიონზე ტყუპი ძმები გადიან. არველაძეებმა წლების წინ ქართულ ფეხბურთში ისტორია დაწერეს. ახლა კი ტყუპის სტატუსით გზას ძმები მამაგეიშვილები აგრძელებენ.
ოთო და გიზი მამაგეიშვილები ახალგაზრდული ნაკრების წევრები არიან. ფეხბურთის თამაში 5 წლიდან დაიწყეს. მას შემდეგ ვარჯიშზე, დიდ თუ პატარა შეჯიბრზე მუდმივად ერთმანეთის გვერდიგვერდ თამაშობენ.
5 წლისებიც არ იყვნენ, როცა ბაბუამ ტყუპებს "ბარსა"-"რეალის" მაისურები ჩააცვა და ეზოში ჩაიყვანა. ძმებისთვის ბურთის გაგორებაც და ფეხბურთის სიყვარულიც აქედან იწყება.
მას შემდეგ მათი კარიერაც ერთმანეთისგან განუყოფელი გახდა. გიზი და ოთო მამაგეიშვილები 21-წლამდელთა ეროვნული ნაკრებისა და კლუბ "იბერიას" ფეხბურთელები არიან.
ოთო მამაგეიშვილი ცენტრალური ნახევარმცველია, გიზი კი - საყრდენი. მოედანზეც ერთმანეთზე დიდი საყრდენი არ ჰყავთ. ვარჯიშზე, დიდ თუ პატარა შეჯიბრებებზე მუდმივად ერთმანეთის გვერდიგვერდ თამაშობენ. ამიტომაც ახალგაზრდა ფეხბურთელებს არ უჭირთ ერთმანეთის ტაქტიკური სვლების გამოცნობაც.
ვინაიდან გიზის ტრავმა აქვს, ახლა ვარჯიშს მოედნის მიღმა ადევნებს თვალს. დროდადრო ძმის გასამხნევებლად და მისთვის შენიშვნების მისაცემადაც იცლის.
გიზი ოთოზე 10 წუთით დიდია. ხშირად უჭირთ მათი ერთმანეთისგან გარჩევა, ამიტომაც თავად ცდილობენ ეს დროებითი გაუგებრობა გარშემომყოფებს მარტივად მოუხსნან, ხან როგორ და ხან როგორ, ხშირად უშედეგოდაც.
შრომისმოყვარე, მიზანდასახული და გუნდელებისთვის საიმედო ძმები - ასე იცნობენ ტყუპებს კლუბშიც და ნაკრებშიც.
კარგად იციან, რომ დიდი წარმატება მხოლოდ დაუღალავ შრომას და მიზანდასახულ ბრძოლას მოაქვს, ამიტომაც გამუდმებით ვარჯიშობენ. იმდენად, რომ გართობისთვის დროც აღარ რჩებათ. ახალგაზრდა ფეხბურთელებს ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავთ, თუმცა ამ დროისთვის მათი სათაყვანებელი მხოლოდ ფეხბურთია.
გიზიმ, ოთომ და მათმა თანაგუნდელებმა რამდენიმე დღის წინ ტაბლოზე ისტორიული შედეგი უკვე დაწერეს. წინ ხორვატიაა და უდიდესი შანსი, რომ ამჯერად უკვე 21 წლამდელები, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ. ყველაზე მეტად ეიმედებათ "მეთორმეტე მოთამაშე" - ტრიბუნებზე მყოფი მათი გულშემატკივარი.
ქართულ საფეხბურთო ისტორიაში, კიდევ ერთმა ტყუპმა ძმამ თავისი სათქმელი ახალგაზრდული ნაკრებიდან უკვე თქვა, კარიერის მთავარი გოლები კი ოთოსთვის და გიზისთვის ახლა ეროვნული ნაკრების რიგებიდან არის გასატანი.