23 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
მილიონობით დოლარი, კრიპტო ვალუტა, ოქროს ზოდები და ძვირადღირებული ნივთები - "კურიერი P.S-მა" ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ამერიკის მოქალაქის ჩვენება მოიპოვა

დიდი ოდენობით თანხა, ოქროს ზოდები, ძვირადღირებული საათები, კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები და ძვირფასი სამკაულები - ეს თაღლითური ქოლ-ცენტრებიდან მიღებული შემოსავლის მხოლოდ მცირე ნაწილია.

ვაკეში, "აქსის თაუერსის" შენობაში მდებარე აპარტამენტი ერთ-ერთია იმ ლოკაციებს შორის, სადაც პროკურატურამ ჩხრეკა ჩაატარა. უძრავი ქონება ალექსანდრე ბერინსკის საკუთრებაა. ისრაელის და რუსეთის ორმაგი მოქალაქე უკვე დაკავებულია. ორგანიზებული თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით, ხელბორკილები დაადეს მის ყოფილ მეუღლეს, ნანა ბერინსკისაც.

გამოძიების ინფორმაციით, ცოლ-ქმრის მიერ ორგანიზებული ჯგუფი წლების განმავლობაში დისტანციურად ძარცვავდა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს. სატელეფონო ზარებით ქოლ-ცენტრის თანამშრომლები სამიზნე ობიექტებს არწმუნებდნენ, რომ ფული მათ მიერ შექმნილ სავაჭრო პლატფორმებში დაებანდებინათ, რეალურად კი თანხა თაღლითების კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე ირიცხებოდა. თბილისში კოსტავას და დოლიძის ქუჩებზე ე.წ. ქოლ-ცენტრები 2015 წლიდან დააფუძნეს, სწორედ ამ მისამართებიდან უკავშირდებოდნენ ამერიკის მოქალაქეებს. დანაშაულის შენიღბვის მიზნით, თაღლითურად დასაკუთრებული ასი ათასობით დოლარი შეერთებული შტატებიდან ჯერ ჩეხეთსა და პოლონეთში, ოფშორული კომპანიების ანგარიშებზე ირიცხებოდა, შემდეგ კი დიდი ოდენობით ფული ქართულ საბანკო ანგარიშებზე ხვდებოდა. "კურიერი P.S-მა" მოიპოვა ამერიკის მოქალაქის მიერ მიცემული ჩვენება.

ამ გზით მოპოვებული შავი ფულის გათეთრებას, ორგანიზებული ჯგუფი თბილისსა და უცხოეთში ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონების შეძენით ცდილობდა. მტკიცებულებების მიუხედავად, ბრალდებულები დანაშაულს უარყოფენ და ამბობენ, რომ დიდი ქონება კანონიერი გზით დააგროვეს.

დაკავებულ ოთხ პირს შორის ერთ-ერთი, პოლიტიკოს პაატა ჯიბლაძის შვილია. თორნიკე ჯიბლაძე ქოლ-ცენტრებთან კავშირს უარყოფს და დუმილის უფლებას იყენებს. შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია მამაც.

კომპანია, რომლის საფარქვეშ თბილისში მოქმედი ქოლ-ცენტრები მუშაობდა, 2015 წელს იოსებ პალაგაშვილმა დააფუძნა. გამოძიების ინფორმაციით, ის პირადად იყო ჩართული დანაშაულებრივი სქემის შექმნაში, თუმცა თავად ბრალს არ აღიარებს. ბრალდებულებმა მოსამართლეს გირაოს გადახდა შესთავაზეს, თუმცა ოთხივეს პატიმრობა შეეფარდა, მათ შორის, ნანა ბერინსკის, რომელიც მზად იყო თავისუფლების სანაცვლოდ 200 000 ლარი გადაეხადა.

პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით გახსნა. საგამოძიებო ორგანო ახლა საქმის სხვა ფიგურანტების გამოვლენაზე მუშაობს. მანამდე კი "კურიერი P.S-თან" პროკურორი განმარტავს, თუ რა სქემით ძარცვავდნენ თბილისიდან შეერთებული შტატებში მოქალაქეებს.

ბოლო წლებში ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დევნა 100-ზე მეტი ფიზიკური და 7 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. დაყადაღებულია 100 მილიონზე მეტი ღირებულების აქტივები.

დღის ამბები