კომპანია ფარმასახლი თამარ კორძაიას განცხადებას გამოეხმაურა. როგორც "ფარმსახლის" მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "ფარმსახლი" მკაცრად იცავს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და არ სურს რომელიმე პოლიტიკურ მხარესთან ასოცირება.
"დღეს, საქართველოში მოქმედი რამდენიმე მედიასაშუალების მიერ, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის გაჟღერებული ბრალდება გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, “ფარმსახლი“ კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესების შესაბამისად, მოახლოებული არჩევნების წინ, სასაჩუქრე ვაუჩერების საშუალებით, კანონსაწინააღმდეგოდ, ამომრჩევლის მოსყიდვასა და მობილიზაციას ახორციელებს, რასაც სინამდვილესთან არანაირი კავშირი არ აქვს!
დაარსების დღიდან, “ფარმსახლი" წარმოადგენს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას და რეგულარულად ახორციელებს სხვადასხვა საინფორმაციო და საქველმოქმედო ინიციატივებს. ჩვენი ორგანიზაციის ფუნდამენტური მისიაა საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა.
20 წელზე მეტია კომპანიამ დანერგა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ადაპტირებული ვაუჩერული სისტემა, რომელსაც აქტიურად იყენებს როგორც საქველმოქმედო მიზნებისთვის, ასევე საკუთარი კორპორაციული პროექტების ფარგლებში. ვაუჩერების შეძენისა და გამოყენების შესაძლებლობა თანაბრად ხელმისაწვდომია ფიზიკური პირებისთვის, კერძო სექტორისა თუ სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის.
"ფარმსახლი" მკაცრად იცავს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და არ სურს რომელიმე პოლიტიკურ მხარესთან ასოცირება. კომპანია თავისი პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულია და წარმატებით ახორციელებს საქართველოს ფარმაცევტულ სფეროში ევროპული სტანდარტების დანერგვას, ხელს უწყობს ევროპული ხარისხის მედიკამენტებსა და სააფთიაქო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას,"- ნათქვამია ფარმასახლის განცხადებაში.