23 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
ქოლცენტრების საქმე, წინასწარი პატიმრობა ოთხივე ბრალდებულს, თაღლითური სქემა და მოპარული მილიონები - აღიარებენ თუ არა დანაშაულს დაკავებულები

თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ბრალდებულ ოთხივე პირს, დღეს იდენტური პოზიცია ჰქონდა - ალექსანდრე და ნანა ბერინსკები, ასევე იოსებ პალაგაშვილი და თორნიკე ჯიბლაძე დუმილის უფლებას იყენებენ და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. ამ ეტაპზე საქმის გარემოებებზე ვრცლად მხოლოდ პროკურორები საუბრობენ, რომლებიც არც ბრალდებულთა წრის გაფართოებას და არც ახალი დაზარალებულების გამოვლენას გამორიცხავენ. პროცესზე ბრალმდებელი განმარტავდა რომ ე.წ. ქოლცენტრების საქმე სათავეს 2015 წლიდან იღებს და ორგანიზებული ჯგუფის წევრები მთელი რიგი მანიპულაციების შედეგად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 3 წლის განმავლობაში ძარცვავდნენ.

პროკურორები ოთხივე ბრალდებულის უპირობოდ პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდნენ იმ მოტივით რომ არსებობდა, როგორც მტკიცებულებების განადგურების, ასევე მოწმეებზე ზეწოლისა და მიმალვის საფრთხე. ადვოკატებს საპასუხოდ ჰქონდათ პოზიცია, რომ სურვილის შემთხვევაში ბრალდებულ პირებს ქვეყნის დატოვება და მიმალვა ამ დრომდეც შეეძლოთ მითუმეტეს, რომ გამოძიება უკვე 2 წელია მიმდინარეობს და ეს იციან. დამატებითი უზრუნველყოფისთვის ადვოკატებმა 50, 100 და 200 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შუამდგომლობები დააყენეს, თუმცა მოსამართლემ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

ამ გადაწყვეტილებას, დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. რაც შეეხება პროკურორებს, ისინი უკვე არსებითი განხილვისთვის იწყებენ მზადებას და პარალელურად საქმის ახალი გარემოებების დადგენაზე მუშაობენ.

ე.წ. ქოლცენტრების თაღლითური სქემების გამოძიების ფარგლებში, ბოლო წლებში 100-ზე მეტი პირია პასუხისგებაში მიცემული. ამ კონკრეტული საქმეში პრინციპი იგივეა - უცხო ქვეყნის მოქალაქეების დარწმუნება, რომ მომგებიანი ინვესტიცია განახორციელონ, თანხის მიღება, შემდეგ კი უბრალოდ გაქრობა. ამ შემთხვევაში განსხვავებული იყო სამიზნე. თუ წინა ჯერზე დაზარალებულები ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, ბრალდების მიხედვით ამჯერად მილიონობით დოლარი და ევრო აშშ-ის მოქალაქეებს გამოსძალეს.

დღის ამბები