24 ნოემბერი 2024,   00:16
ვრცლად
რა მიზნით შემოვიდა საქართველოში წითელი ცირკულარით ძებნილი დარჩო ხეჩუაშვილი, რომელსაც გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე 18 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი - რას ამბობენ მმართველ გუნდში

რა კავშირშია ოპოზიციის გეგმები დარჩო ხეჩუაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან? - პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შემთხვევითი არ არის, რომ 2016 წლის არჩევნებამდე 3 დღით ადრე მომხდარი დანაშაულისთვის ძებნილი, საქართველოში სწორედ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე დაბრუნდა, პირველივე ჩვენებაში კი მიხეილ სააკაშვილი ახსენა. ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულის დავალება მაშინაც და ახლაც პროვოკაციის მოწყობა იყო.

უბრალოდ დამთხვევა თუ წინასაარჩევნოდ პროვოკაციის მომზადება, რა მიზნით შემოვიდა ხეჩუაშვილი საქართველოში არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე? - “ნაციონალურ მოძრაობაში“ კონკრეტულად ამ საკითხზე არაფერს ამბობენ. ექს-პრეზიდენტის პარტიაში არ საუბრობენ არც ხეჩუაშვილის ჩვენებაზე, რომლის მიხედვითაც მას გივი თარგამაძეზე თვალთვალი მიხეილ სააკაშვილის მითითებით დაევალა. “ნაციონალური მოძრაობა“ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას წინასაარჩევნო მანიპულაციად აფასებს. მათგან განსხვავებით საქმეში საეჭვო გარემოებზე მიუთითებენ სხვა ოპოზიციური პარტიები.

მმართველ გუნდშიც თანხმდებიან, რომ სწორედ გამოძიებამ უნდა უპასუხოს კითხვას - იგეგმებოდა თუ არა მორიგი პროვოკაცია ხელისუფლების წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გამოძიების კვალი სააკაშვილ-ლორთქიფანიძემდე მიდის. “ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობისგან“ გამორიცხული არაფერია, რადგან არჩევნებში გამარჯვების რესურსი ოპოზიციისთვის მხოლოდ არეულობაზე გადის.

ხეჩუაშვილის ჩვენების დეტალები პროკურატურამ გუშინ გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეცრაზმელი ამბობს რომ თარგამაძეზე თვალთვალის დავალება კრიმინალური ავტორიტეტის შოთა ჭიჭიაშვილისგან მიიღო. ჩვენების მიხედვით ცნობილი ხდება, რომ თავის მხრივ, ჭიჭიაშვილმა ეს დავალება მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო, რომელსაც 2016 წლის აგვისტოში უკრაინაში შეხვდა. შეხვედრას, გამოძიების თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძეც ესწრებოდა. გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმე ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციების მაგალითად პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე კვირის წინ გამართულ ბრიფინგზეც გაიხსენა.

დღის ამბები