24 ნოემბერი 2024,   00:16
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: რაც არ უნდა სცადონ ოპოზიციამ და მიკერძოებულმა ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, რომ წარმოაჩინონ გაზვიადებულად საკითხები, ეუთო/ოდირის დასკვნაში აისახა, რომ წინასაარჩევნო კამპანია არის მშვიდ გარემოში

მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნა, რომელიც გამოქვეყნდა. ფაქტია და ყველამ ნახა, რომ რაც არ უნდა სცადონ ოპოზიციამ და მიკერძოებულმა ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, რომ წარმოაჩინონ გაზვიადებულად საკითხები, ეუთო/ოდირის დასკვნაში აისახა ყველაფერი. - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნაში ასახულია, რომ წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და შეიძლება მხოლოდ ცალკეული დარღვევები გამოვლინდეს.

პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დასკვნაში საუბარია მედიაში არსებულ პოლარიზაციაზე და აღნიშნა, რომ ოპოზიციურმა ტელევიზიებმა, “ქართული ოცნება“ არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენეს სხვა პარტიებთან შედარებით, რის შესახებაც დეტალური ანგარიში ეუთო/ოდირსაც გადაეცა.

“აისახა, რომ წინასაარჩევნო კამპანია არის მშვიდ გარემოში, რომ შეიძლება, მხოლოდ ცალკეული ექსცესები იყოს; სხვათა შორის, ესეც აღნიშნული აქვს ეუთო/ოდირს, როდესაც საუბარია დარღვევებზე, მაგალითად, პლაკატების ჩამოხევა და ა.შ., რომ “ქართული ოცნების“ წინააღმდეგაც იყო ეს დარღვევები. აღნიშნული აქვს მთავარ პრობლემად პოლარიზაცია და განსაკუთრებით - პოლარიზაცია მედიაში და ესეც იმ ჭრილში, რომ ხედავთ, სარეკლამო რგოლებთან დაკავშირებით არის რთული მდგომარეობა. ჩვენ მივაწოდეთ წამებით დათვლილი, დეტალური ინფორმაცია, რამდენი წამი მოგვპარა “მთავარმა“, “ტვ პირველმა“, “ფორმულამ“ “ქართულ ოცნებას“ და ჩაგვაყენა არათანაბარ მდგომარეობაში სხვა პარტიებთან შედარებით. ჯამში ხუთ საათზე მეტი სარეკლამო დრო მოიპარა ამ სამმა ტელევიზიამ საკუთარი პარტიული ბოსების სასარგებლოდ.

ჩვენ მივაწოდეთ ეს დეტალური ინფორმაცია და იმედი გვაქვს, რომ უკვე შემდეგ ანგარიშში ასახული იქნება, მათ შორის, ეს დეტალები. ასე რომ, ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე, ორ კვირამდე პერიოდი შეჯამებულია და შეჯამებულია როგორც მშვიდი გარემო, სადაც არც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ძალადობა, თუ სხვა პრეტენზიები, რომლებიც კლასიკურად აქვს ხოლმე ოპოზიციას, ამ მხრივ არანაირი განსაკუთრებული მდგომარეობა არ არის და პირიქით, აღნიშნულია, რომ მშვიდ გარემოში მიდის მთელი ეს პროცესი.“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღის ამბები