23 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
ახალი პროექტები - ბათუმის შემოვლითი გზა და ქუთაისის აეროპორტი - აჭარის საკურორტო ზონა სატრანზიტო მოძრაობისგან მთლიანად განიტვირთა

ბათუმის შემოვლით გზაზე, მძღოლებს გადაადგილება დღეიდან შეუძლიათ. 14 კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობა დასრულებულია. 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმებთან და სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია, 20 ხიდსა და 5 გვირაბს მოიცავს. საგზაო განათების სისტემით აღჭურვილი ახალი მაგისტრალი, მახინჯაურთან იწყება და ხელვაჩაურში სრულდება. მოწყობილია სატრანსპორტო კვანძებიც, რომელიც ბათუმსა და მიმდებარე სოფლებს უკავშირდება. ახალი გზა დღეს პრემიერ-მინისტრმა გახსნა.

ბათუმის შემოვლითი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, გააუმჯობესებს ქალაქში ცხოვრებისა და დასვენების პირობებს. ხელს შეუწყობს გამტარობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდასაც. მაგისტრალის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების და ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკებისგან მიღებული სესხების ფარგლებში, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოების ღირებულება 330 მილიონი ლარია.

აჭარის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი იმერეთში ჩავიდა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3 კილომეტრნახევრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება. სამომავლოდ, დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღება ქუთაისის აეროპორტს შესაძლებლობას მისცემს, შორი მანძილებიდან ახალი ავია-მიმართულებები დაემატოს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 240 მილიონი ლარია. პრემიერის განცხადებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დიდი წვლილი შეაქვს ავიაციის, ტურიზმის, ეკონომიკის განვითარებაში, აქედან გამომდინარე ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას სახელმწიფო დიდ ყურადღებას უთმობს.

ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის პირველი ფაზის ნაწილია. პროექტი, რომლის დასრულებაც 2026 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი, სამშენებლო კომპანია "ანაგი" განახორციელებს.

სექტემბრის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ახალი ინფრასტრუქტურა აეროპორტს საშუალებას მიცემს, მგზავრთნაკადი 5 მილიონამდე გაზარდოს.

 

დღის ამბები