23 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
გარედან მართული ოპოზიცია და საერთო ინსტრუქციები არჩევნებზე - "ქართული ოცნება" სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძისა და გახარიას გუნდების კავშირებზე საუბრობს

განსხვავებული ნომრებით, თუმცა საერთო მიზნებით - მამუკა მდინარაძე სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძისა და გახარიას გუნდების კავშირებსა და ერთობლივ ქმედებებზე საუბრობს. მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ ოპოზიციის ყველა ეს ლიდერი ქვეყნის გარედან იმართება და ქვეყნის შიგნით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს. მდინარაძის განმარტებით, სწორედ ნეიტრალური ამომრჩევლის მიმხრობის მიზნით ცდილობენ გახარიაც და ხაზარაძეც "ნაციონალური მოძრაობისგან" დისტანცირებას, თუმცა წარსული საპირისპიროს ამტკიცებს. უმრავლესობის ლიდერმა დღეს ბრიფინგზე კონკრეტული ფაქტები დაასახელა, რაც მისივე თქმით, ადასტურებს, რომ გახარიაც და ხაზარაძეც ყოველთვის "ნაციონალური მოძრაობის" სტილში და მათთან შეთანხმებით მოქმედებდნენ.

"მამუკა ხაზარაძე, "ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ხნის მოკავშირე, ე.წ. მოლარე და მათ მიერ, ადამიანებისთვის წართმეული ბიზნესების დამპატრონებელია. როდესაც კეზერაშვილი, ადეიშვილი და სხვა ჯალათები, ქართველ ბიზნესმენებს ძარცვავდნენ, ღამის ნოტარიუსებთან წილების გადაფორმება სწორედ ხაზარაძეზე ხდებოდა. ხაზარაძემ ზუსტად იცის, რა დავალებებს მიიღებს ის პატრონებისგან. მას გაცნობიერებული აქვს, რომ თუ სასწაული მოხდება და ხელისუფლებაში როგორღაც მოვა, ქვეყანა ომის ქარ-ცეცხლში უნდა გახვიოს, მაგრამ ეს მისთვის ვერ იქცა დაბრკოლებად, რომ ამ ღალატზე ხელი აეღო. სწორედ ამიტომ, "ნაციონალურ მოძრაობაზე“კიდევ უფრო საშიში და მიუღებელი სწორედ ეს ადამიანია, რომელიც, მასზე გამოცდილ აგენტებთან ერთად ცდილობს ხალხის მოტყუებას, თითქოს არაფერი აკავშირებს არც გარე ძალებთან და არც მის საყვარელ წარსულ ხელისუფლებასთან.

კიდევ უფრო მკაფიოდ არის ეს ყველაფერი გახარიას შემთხვევაშიც. მოვლენათა ქრონოლოგია და გახარიას გადაწყვეტილებების ჯაჭვი მარტივად ადასტურებს, რომ ის არაფრით განსხვავდება კოლექტიური აგენტურის რიგითი წევრებისგან. დავალებებს ისიც საერთო პატრონისგან იღებს და უსიტყვოდ ემორჩილება. მან არაერთხელ სცადა და მიზანმიმართულად დააზიანა ხელისუფლების იმიჯი," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამის არგუმენტად, დღეს უმრავლესობის ლიდერმა რამდენიმე ფაქტი გაიხსენა - მათ შორის ნარკორეალიზატორების დაკავების ღონისძიება ღამის კლუბებში, სპეცრაზმის დაპირისპირება პანკისის მოსახლეობასთან და 20 ივნისის მოვლენები, ჩამონათვალში ერთ-ერთ მთავარ თემად ჩორჩანას ეპიზოდი დასახელდა

პასუხად, ოკუპანტებმა ადგილზე სამჯერ მეტი საგუშაგო გახსნეს და მიითვისეს კიდევ უფრო დიდი ტერიტორია. მამუკა მდინარაძის განცხადებით, გახარიას ამ თვითნებური გადაწყვეტილებით სახელმწიფომ რეპუტაციული ზიანი მიიღო და შეიქმნა ახალი შეიარაღებული დაპირისპირების ხელოვნური საფრთხე, რომელიც შესაძლოა ფართომასშტაბიან კონფლიქტშიც გადაზრდილიყო. არქივი ინახავს გახარიას უწყების ერთ-ერთი დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელის შეფასებას, სადაც კახა ქემოკლიძე გადაწყვეტილებას უსაფრთხოების მიზნით, პოზიტიურ ნაბიჯს უწოდებდა.

იყო თუ არა გახარიას მაშინდელი ქმედება მიზანმიმართული პროვოკაცია? - ყოფილმა პრემიერმა დღეს მისი სადავო გადაწყვეტილებების შესახებ მედიის მხრიდან დასმულ კითხვებს კონკრეტული პასუხი არ გასცა და თქვა, რომ საქმე მომავალმა პარლამენტმა გამოიძიოს.

სოფელ ჩორჩანას მოსახლეობა კი დღესაც იხსენებს, რომ 2019 წელს, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების შედეგად გახსნილი პოლიციის საგუშაგოს გამო - საოკუპაციო ხაზთან მათ დაკარგეს ტყე, რომლითაც სარგებლობდნენ. ტერიტორიის გარკვეულ მონაკვეთზე ადგილობრივები დღესაც ვერ შედიან.

გიორგი გახარიას მორიგი ანტისახელმწიფოებრივი ქმედების მაგალითი, მმართველი პარტიისთვის მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზია. ბრიფინგზე დღეს 2021 წლის მოვლენებიც გაიხსენეს. რატომ ითხოვდა ყოფილი პრემიერი ორ დღეს ნიკა მელიას დაკავებამდე - უმრავლესობა ამბობს, რომ ეს იყო "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეთანხმებული გეგმის ნაწილი, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს ქვეყანაში შემოსასვლელად გარკვეული დრო სჭირდებოდა. მანამდე კი გახარიას დავალება იყო არ აღესრულებინა კანონი, არ დაეკავებინა მელია და ამით საზოგადოებაში შეექმნა განცდა, თითქოს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლილი იყო.

მიხეილ სააკაშვილი მაშინ სტამბოლში ჟიგიმანტას პავილიონისს ხვდებოდა, რომელმაც ეს საქართველოში ჩამოსვლისთანავე დაადასტურა. ლიეტუველი დიპლომატი, მაშინ, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამაგრებულ ნიკა მელიასთანაც იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილის პარტიაში დღეს ამ საკითხზე საუბარს თავი აარიდეს. ბრალდებებს "ნაციონალური მოძრაობის" დროს ქონებებისა და ბიზნეს წილების გადაფორმების შესახებ - დღეს არც "ლელოს" ლიდერმა უპასუხა.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ რომ მათი მიზანია საზოგადოებამ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი და გაანალიზოს, რა საფრთხეს წარმოადგენს კონკრეტული პარტიებისთვის მიცემული ხმა.

საპარლამენტო არჩევნებამდე 16 დღე რჩება. სწორედ 26 ოქტომბერს გამოჩნდება, კონკრეტულად ვის ანდობს ამომრჩეველი მანდატს.

დღის ამბები