23 ნოემბერი 2024,   13:56
ვრცლად
"არა ომს, არა აგენტურას" - "ოცნებამ" "ნაცმოძრაობის" სააგიტაციო კამპანიას ბანერებითვე უპასუხა

პასუხი ბანერებით "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციას დღეს დაუბრუნა. სახელისუფლებო პარტიის ბილბორდები ოპონენტების გამოსახულებითა და წარწერით "არა ომს, არა აგენტურას" თბილისსა და რეგიონებში დილიდან გამოჩნდა. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ბანერების გავრცელების მთავარი მოტივი იმ ზიზღის ენის შემცველ კამპანიაზე პასუხის გაცემა იყო, რომელიც რამდენიმე დღის წინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" წამოიწყო, თუმცა "ქართულ ოცნებაში" ამბობენ იმასაც, რომ მათი ბილბორდები რეალობას ასახავს.

"ნაციონალური მოძრაობის" ბანერები, რომელზეც "ქართული ოცნება" საუბრობს, ქალაქის ქუჩებში 2 დღის წინ გამოჩნდა. კოალიცია "ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერც მაშინ და ვერც ახლა, მათ ბილბორდებში სიძულვილის კამპანია ვერ დაინახა, თუმცა ამას ახლა მმართველის გუნდის ბანერებში ხედავს.

სხვა ოპოზიციური პარტიების ნაწილისთვის, რომელთა ლიდერებიც "ქართული ოცნების" ბილბორდებზე არიან გამოსახულნი, საკითხი აქტუალური არ არის, მეორე ნაწილში კი ამბობენ, რომ მსგავსი ბანერებით ბრძოლა მმართველი პარტიის მხრიდან მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, "ნაციონალური მოძრაობა" მათ წინააღმდეგ სიცრუეზე დაფუძნებულ, სიძულვილის კამპანიას აწარმოებს, რაც ქვეყანაში პოლარიზაციას უფრო მეტად აღრმავებს. სწორედ აქედან გამომდინარე გადაწყვიტა სახელისუფლებო პარტიამ დღეს ქალაქში ახალი, საპასუხო ბანერების გავრცელება.

2024 წლის არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება, ზუსტად 16 დღეში ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს საარჩევნო ყუთთან გააკეთებს.

დღის ამბები