23 ნოემბერი 2024,   14:02
ვრცლად
ამაზრზენი და სკანდალური - ევროპარლამენტის რეზოლუციაში რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნას ოფიციალური თბილისი აფასებს

ამაზრზენი და სკანდალური - ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროპარლამენტის ახალ რეზოლუციას. ტექსტი, რომელიც დღეს დაამტკიცეს, ევროკავშირის პირველი ოფიციალური საჯაროო დოკუმენტია, რომელშიც საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა ღიად არის დაფიქსირებული. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ამ ფაქტით გამოაშკარავდა ის, რაც აქამდე მხოლოდ დახურულ კარს მიღმა ხდებოდა. პარლამენტის სპიკერმა დღეს სამხედრო და პოლიტიკური საფრთხეების გარდა იმ დიდ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომელიც სანქციებზე მიერთებით ქართულ ეკონომიკას დაემუქრებოდა.

ევროპარლამენტი რუსეთისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას, უკრაინაში მიმდინარე აგრესიის საპასუხოდ ითხოვს. დოკუმენტში წერია, რომ ამ ფორმით საქართველო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასა და სტრატეგიასთან თანხვედრაში მოვა. თუმცა ტექსტში არაფერია ნათქვამი შესაძლო რისკების დამზღვევ მექანიზმებზე. ოპოზიცია, რომელიც წარსულში სანქციებს თავადაც ითხოვდა, ევროპარლამენტარების რიტორიკას დღესაც იზიარებს.

ოპოზიციისა და ევროპარლამენტარების იდენტური რიტორიკა მმართველ გუნდში არ უკვირთ. პოლიტიკოსების აზრით, რეზოლუცია სუბიექტური პოლიტიკური მიზნებით არის შექმნილი. დღეს, სახელისუფლებო გუნდის ლიდერებმა განმარტეს, რომ ჯერ კიდევ 2022 წელს, სანქციებზე მიერთებით ქვეყნის ეკონომიკა მინიმუმ 18 მილიარდ ლარს დაკარგავდა. არსებული ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი კი, დაახლოებით 20 პროცენტიანი შემცირებით შეიცვლებოდა.

სანქციები საქართველოს მაკროეკონომიკურ პარამეტრებს ტოტალურად გააუარესებს - ასეთია ეკონომისტების მოსაზრება. ანალიტიკოსებმა დღეს სტატისტიკაზეც ისაუბრეს და თქვეს, რომ საუკეთესო სცენარშიც კი, ქართული ეკონომიკის მოსალოდნელი ზარალი 14 მილიარდ ლარს გადააჭარბებდა. მოსალოდნელი საპასუხო ნაბიჯის შედეგად, განსაკუთრებული საფრთხე შეექმნებოდა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს. ეკონომისტების თქმით, საქართველო, როგორც მეტწილად იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა, საგრძნობ დარტყმას მიიღებდა მარცვლეულის, ზეთისა და ნავთობპროდუქტების მიმართულებითაც.

ევროპარლამენტმა მიმდინარე კვირას საქართველოს საკითხს ჯერ პლენარული სხდომა და დებატები მიუძღვნა. დღეს კი ევროპულმა ინსტიტუტმა 495 ხმით რეზოლუციაა დაამტკიცა, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად საქართველოს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას უყენებს.

ეს რეზოლუცია ევროკავშირის პირველი ოფიციალური საჯარო დოკუმენტია, რომელშიც საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა ღიად არის დაფიქსირებული.

დღის ამბები