23 ნოემბერი 2024,   14:00
ვრცლად
საქართველომ ამერიკული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა

მსოფლიოს წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში - ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსული 10-მდე ტუროპერატორი, ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობა. კომპანიებთან ერთად, საქართველოში იმყოფება forbes magazine-ის ჟურნალისტიც.

კულტურული ძეგლები, სხვადასხვა კუთხის გასტრონომია, ტრადიციული ღვინის დეგუსტაცია და მისი მომზადების მასტერკლასი - ინფოტურის ფარგლებში ამერიკული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს მასშტაბით 6 ქალაქს და კურორტს ეწვევიან. უცხოელმა ვიზიტორებმა ინფოტური დედაქალაქის მონახულებით დაიწყეს.

კულტურული ძეგლების გაცნობის პარალელურად ტუროპერატორებმა შეხვედრა ქართულ ტურისტულ კომპანიებთანაც გამართეს. პრეზენტაციაზე ისაუბრეს როგორც ამერიკულ, ასევე ესპანურ ტურისტულ ბაზრებზე. საინტერესო და განსხვავებული - ასე შეაფასეს ნიუ-იორკის ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველო.

საქართველოსადმი გაზრდილ ინტერესზე ამერიკელმა ტუროპერატორებმა კონფერენციაზე ისაუბრეს. მათი თქმით, ამერიკულ ბაზარზე ქართული რესტორნების რაოდენობა წლიდან წლამდე იმატებს.

საინფორმაციო ტურის მიზანია ტურისტთა ახალი ნაკადების მოზიდვა და საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება როგორც ამერიკულ, ასევე, დასავლეთის ქვეყნების ტურისტულ ბაზრებზე.

მსოფლიოს წამყვანი ტუროპერატორები ფორბსის ჟურნალისტთან ერთად, საქართველოს ტურისტულ პოტენციალს 1 კვირის განმავლობაში შეისწავლიან.

დღის ამბები