23 ნოემბერი 2024,   13:57
ვრცლად
"სლივი" თუ "ბაიპასი"? - ბარიატრიული ქირურგიის ექსპერტი, დავით აბულაძე ორივე ტიპის ოპერაციის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობს

ბარიატრიული ქირურგია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ გზას ჭარბი წონისა და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების სამკურნალოდ. ამ ტიპის ოპერაციები ხელს უწყობენ არა მხოლოდ წონის კლებას, არამედ მეტაბოლური სინდრომის კომპლექსური გამოვლინებების შემცირებას, როგორიცაა დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ცხიმოვანი დაავადებები და გულის დაავადებები.

"რუსთავი 2" ბარიატრიული ქირურგიის ექსპერტს, ექიმ დავით აბულაძეს ოპერაციების ტიპებზე, მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე ესაუბრა.

ექიმის განმარტებით, არსებობს ორი ძირითადი მიდგომა: რესტრიქციული ოპერაციები, რომლებიც საკვების მიღების შეზღუდვას მოიცავს და მალაბსორბციული ოპერაციები, რომლებიც საკვების შეწოვას უშლიან ხელს. ოპერაციების თითოეულ ამ ტიპს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, რაც დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მდგომარეობასა და ჯანმრთელობის გამოწვევებზე.

ბარიატრიული ქირურგიის ორი ძირითადი ტიპი

ბარიატრიული ოპერაციების ძირითადი ტიპებია რესტრიქციული და მალაბსორბციული. ორივე ტიპის პროცედურა მიზნად ისახავს წონის კლებას, თუმცა განსხვავებული მექანიზმებით.

რესტრიქციული ტიპის ოპერაციები

რესტრიქციული ოპერაციების დროს, კუჭის ზომა მნიშვნელოვნად მცირდება, რის შედეგადაც პაციენტი ნაკლებ საკვებს იღებს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპერაცია ამ ჯგუფში არის სლივ გასტრექტომია (სახელოსებური რეზექცია), რომელსაც ხშირად მიმართავენ საქართველოში და მსოფლიოშიც.

"სლივ გასტრექტომია დღეს ყველაზე პოპულარული ბარიატრიული ოპერაციაა. მთელს მსოფლიოში, ოპერაციების 65%-ზე მეტს სწორედ ეს ტიპი წარმოადგენს. საქართველოში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია და, სავარაუდოდ, 80%-ზე მეტია," - აცხადებს ექიმი დავით აბულაძე.

სლივ გასტრექტომიის მთავარი მექანიზმი საკვების რაოდენობის შემცირებას ეფუძნება. ოპერაციის შემდეგ კუჭის მოცულობა მცირდება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს შიმშილის შეგრძნებას.

"სლივის" პოპულარობა გამომდინარეობს იქიდან, რომ უფრო მეტად აკონტროლებს შიმშილის შეგრძნებას. ასევე, შემაკავებელი ეფექტი აქვს და აქედან გამომდინარე, პაციენტი იმ რაოდენობის საკვებზე მეტის მიღებას, რაც უნდა მიიღოს, ვერ ახერხებს. მიღებული საკვების მოცულობა 100-დან 150 მილილიტრამდე უნდა მერყეობდეს," - აცხადებს ექიმი.

დავით აბულაძის განმარტებით, ოპერაციის წარმატება არა მხოლოდ საკვების რაოდენობის შემცირებაზეა დამოკიდებული, არამედ ნაწლავის ჰორმონების აქტივაციაზეც, რომლებიც შაქრისა და ინსულინის დონის რეგულირებაში მნიშვნელობა როლს ასრულებენ.

"გარდა ამისა, რომ ხდება სწრაფი დაცლა (რადგან კუჭის მოცულობა პატარაა), მეტაბოლური ეფექტიც გვაქვს, რადგან ნაწლავის ჰორმონების აქტივაცია ხდება, რომლებიც უშუალოდ ინსულინრეზისტენტობაზე და ჰიპერგლიკემიაზე მოქმედებენ, შედეგად, მეტაბოლური სინდრომი იხსნება," - აცხადებს ექიმი.

მალაბსორბციული ტიპის ოპერაციები 

მალაბსორბციული ოპერაციების დროს არა მხოლოდ კუჭის ზომა მცირდება, არამედ საკვების შეწოვა იზღუდება. ეს პროცედურა განსაკუთრებით სასარგებლოა პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ აგრესიული შაქრიანი დიაბეტი, დისლიპიდემია ან თიაქრის პრობლემები.

დავით აბულაძის განმარტებით, ეს ოპერაცია უფრო რთულია, მაგრამ ხშირად, მეტად ეფექტურიც:

"ამ დროს შემაკავებელი ფაქტორი ნაკლებია, გამომდინარე იქიდან, რომ კუჭი დარჩენილია ადგილზე (კუჭის ამოჭრა ამ დროს არ ხდება, ხდება მხოლოდ გადაკვეთა და პატარა კუჭის ფორმირება). მადის ცვლილება იქაც არის, ოღონდ, ძირითადად არა შიმშილის შეგრძნების გაქრობის ხარჯზე, არამედ დანაყრების შეგრძნება უფრო მარტივად მოდის. იქაც, რადგან საკვები ნაწლავში გადადის მალევე, აქტივაცია ხდება ნაწლავის ჰორმონების და, შესაბამისად, მეტაბოლურ სინდრომზე გავლენა აქვს.

გარდა ამისა, წვრილი ნაწლავის პირველი ორი მეტრი გამოთიშულია შეწოვის ფაქტიდან, რადგან ფერმენტები და საკვები ერთმანეთს არ ხვდება იქ და მალასობციაც, ანუ შეწოვაც არის ნაკლები. წონის კლების და მეტაბოლური სისტემის მოწესრიგების თვალსაზრისით, ამ ოპერაციას საკმაოდ ძლიერი და ხანგრძლივი ეფექტი აქვს," - აცხადებს ექიმი.

მიუხედავად მისი ეფექტურობისა, მალაბსორბციულ ოპერაციებს თან ახლავს მეტი რისკები. პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტი, რადგან მათი შეწოვა ძლიერ იკლებს. ეს რისკი მოითხოვს მუდმივ მონიტორინგს და ვიტამინებისა და მინერალების რეგულარულად მიღებას.

ოპერაციების ეფექტურობა და გართულებები

ექიმი დავით აბულაძე აღნიშნავს, რომ ორივე ტიპის ოპერაციას აქვს ძლიერი და ხანგრძლივი დადებითი ეფექტები წონის კლებისა და მეტაბოლური სინდრომის მართვის თვალსაზრისით.

ექიმი ხაზს უსვამს, რომ ორივე ტიპის ოპერაციას თან ახლავს გარკვეული რისკები. სლივ გასტრექტომიის დროს პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ რეფლუქსი, რაც გულისძმარვის და დისკომფორტის გამომწვევია. ეს პრობლემა, უმეტეს შემთხვევაში, კვების რეჟიმით და პრეპარატებით რეგულირდება.

რაც შეეხება შუნტირების ოპერაციებს, მათი გართულებები უფრო სერიოზული შეიძლება იყოს, მაგალითად: პეპტიდური წყლულები ან ჰიპოგლიკემია. ეს უკანასკნელი შეიძლება განსაკუთრებით სახიფათო აღმოჩნდეს, რადგან შაქრის დონე მკვეთრად ეცემა, რაც იწვევს სისუსტეს და გულის წასვლას.

ექიმი ხაზს უსვამს, რომ გართულებები უმეტესად იმ შემთხვევაში ვითარდება, როცა პაციენტები არ ასრულებენ რეკომენდაციებს:

"ეს არ არის ოპერაცია, რომელსაც იკეთებ და ივიწყებ, ეს არის ოპერაცია, რომელსაც იკეთებ და უნდა გახსოვდეს მთელი ცხოვრება, იქიდან გამომდინარე, რომ ჭარბწონიანობა და მეტაბოლური სინდრომი არის მულტიფაქტორული ქრონიკული დაავადებაა, რომელიც პაციენტს აქვს მთელი ცხოვრება. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამ დაავადებას ვარჩენთ - ჩვენ ვამბობთ, რომ ამ დაავადებას ვაკონტროლებთ, რაც აქამდე იყო შეუძლებელი," - აცხადებს ექიმი.

დავით აბულაძე აღნიშნავს, რომ არ შეიძლება ბარიატრიული ოპერაცია განიხილებოდეს, როგორც სწრაფი გამოსავალი წონის კლებისთვის. ექიმი ხაზს უსვამს, რომ ეს პროცედურა პაციენტებისგან მოითხოვს ცხოვრების წესის შეცვლას, კვების რეჟიმის დაკვირვებას და ჯანმრთელობის რეგულარულ მონიტორინგს.

"მეტაბოლური სინდრომის კონტროლის შედეგად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როგორც ცუდი საკვების მიღება ქვეითდება, ასევე კარგისაც ქვეითდება, - როგორიცაა სასარგებლო ნივთიერებები, მიკროელემენტები, ვიტამინები და, აქედან გამომდინარე, ჩანაცვლება უნდა მოახდინოს. შეიძლება დაისვას კითხვა - პაციენტი მთელი ცხოვრება წამლებზე უნდა იყოს? მოდი, ასე ვთქვათ - ჭარბწონიანობის დროს, ადამიანები არიან წამლებზე და ვერ შველიან ვერაფერს, - მაინც აქვთ წნევა, წონა მაინც მატულობს; ხოლო ოპერაციის შემდგომ, შენ თუ აკონტროლებ ამ დანაკლისს საკვები დანამატებით და არა ქიმიური პრეპარატებით, ხარ ჯანმრთელად, კარგად, პრობლემების გარეშე, დაბალ წონაზე და ა.შ," - აცხადებს ექიმი.

ბარიატრიული ქირურგია ძლიერი ინსტრუმენტია ჭარბი წონისა და მეტაბოლური დაავადებების მართვისთვის თუმცა, მისი წარმატება დამოკიდებულია პაციენტის აქტიურ ჩართულობასა და ცხოვრების წესის შეცვლაზე. რესტრიქციული და მალაბსორბციული ოპერაციები განსხვავებული მიდგომებით აწესრიგებენ მეტაბოლურ სისტემას, მაგრამ ორივე ოპერაციის შემდეგ, მნიშვნელოვანია რეკომენდაციების შესრულება და გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ჯანმრთელობის რეგულარული მონიტორინგი.

დღის ამბები