23 ნოემბერი 2024,   14:03
ვრცლად
მშვიდობა და სწრაფი ეკონომიკური განვითარება - რას ჰპირდება "ქართული ოცნება" მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ამომრჩეველს

მშვიდობა და სწრაფი ეკონომიკური განვითარება "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის ორი მთავარი პრიორიტეტია. პროგრამა პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მშვიდობა ეკონომიკური წინსვლის წინაპირობაა, ეკონომიკაში დადებითი ტენდენციები კი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, ქვეყნის პოლიტიკურ გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს.

"ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში ეკონომიკის ზრდის გეგმა კონკრეტულ პარამეტრებსა და რიცხვებშია გაწერილი. ირაკლი კობახიძემ პროგრამის პრეზენტაციისას, წარმოადგინა ის სტატისტიკა, რომელიც ბიუჯეტის ზრდის ტემპს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას, სიღარიბის ისტორიულ მაქსიმუმამდე შემცირებას და დასაქმების მიმართულებით არსებულ პოზიტიურ მოლოდინებს ასახავს.

საარჩევნო პროგრამის მიხედვით, დასაქმებულების საშუალო ხელფასი, 2028 წლისთვის 3500 ლარი იქნება. ასევე, საჯარო უწყების თანამშრომლებისთვის ანაზღაურების 10-იანი ზრდა შენარჩუნდება. მომავალი წლიდან იზრდება პენსია და საბოლოო ჯამში, ჯანდაცვის ბიუჯეტიდან სოციალური საჭიროებებისთვის სულ 8 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, ბოლო წლებში არსებული სტაბილური ეკონომიკური მონაცემები, ქვეყანას აძლევს საშუალებას განახორციელოს ისეთი ამბიციური პროექტები, როგორიც ანაკლიის პორტის მშენებლობაა. გეგმის მიხედვით, პორტი პირველ გემებს 2029 წლისთვის მიიღებს. ქვეყნისთვის ასევე საკვანძო მნიშვნელობის იქნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა, რომელიც წელიწადში 18 მილიონ მგზავრს უმასპინძლებს. საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს გაზრდის შავი ზღვის გადამცემი კაბელი. ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება ქვეყნის შიგნითაც. მომავალ წელს, თბილისიდან ბათუმამდე ოთხზოლიანი ავტომაგისტრალი გაიხსნება. დაიწყება ბათუმი-სარფის საკმაოდ რთული მონაკვეთის მშენებლობა. დაგეგმილია აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვრებთან დამაკავშირებელი მაგისტრალების დასრულება, უკვე დასრულებულია თბილისი-საგარეჯოს დამაკავშირებელი ოთხზოლიანი ავტომაგისტრალი.

"ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა ვრცელია და ეკონომიკასთან ერთად, ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან, ყველა სფეროს მოიცავს.

დღის ამბები