23 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
19 დღე არჩევნებამდე და გააქტიურებული დიპლომატიური მისიები, ახლა ყურადღების ცენტრში ევროკავშირის ელჩია - რა გამოხმაურებები მოჰყვა ჰერჩინსკის განცხადებას

"ვიმეორებ კიდევ ერთხელ, მომავალი არჩევნები არის შესაძლებლობა ქართველებისთვის, რომ გამოხატონ საკუთარი ხედვა. ვინც არ უნდა იყოს არჩეული ქართველი ხალხის მიერ, ძალიან სწრაფად ვიმოქმედებთ" - ეს არის ფრაგმენტი ევროკავშირის ელჩის განცხადებიდან, რომელიც მან სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან გააკეთა. პაველ ჰერჩინსკის სხვა ფრაზა, კავკასიის უნივერსიტეტში სტუმრობის დასრულების შემდეგ, დღეს, რამდენიმე მედია საშუალებამ, მათ შორის ტელეკომპანია "ფორმულამ" სოციალურ ქსელში ე.წ. ქარდის სახით გაავრცელა.

"ამჟამინდელი მმართველი პარტიის პირობებში, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასდროს გახდება" - ეს ციტატა სოციალური ქსელებიდან მალევე წაიშალა. რა თქვა რეალურად ევროპელმა დიპლომატმა სტუდენტებთან შეხვედრის დროს - ამ კითხვით, "კურიერმა" ევროკავშირის მისიასაც მიმართა, რომელმაც, დღის ბოლოს მოკლე, პასუხი გასცა "კურიერს" და იმ მედიისკენ მიუთითა ვინც შეცდომა დაუშვა, კომენტარში კი დიპლომატმა კიდევ ერთხელ ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე.

ევროპელი დიპლომატისგან განმარტებას ითხოვს მმართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ჰერჩინსკის რიტორიკა ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფის პირდაპირი მცდელობაა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დღეს მცირე განმარტება ელჩმა მედიასთან გააკეთა - მის მიერ ამაზრზენად შეფასებული "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერები იყო.

საუბარია ბანერებზე, სადაც "ოცნებამ", ომისა და მშვიდობის საილუსტრაციოდ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები გამოსახა. ჰერჩინსკის შეფასების შემდეგ, მალევე, სამი ტელეკომპანიის მხრიდან სახელისუფლებო პარტიის რეკლამის აკრძალვა მოყვა. ოპოზიციის ნაწილი ტელევიზიებისა და დიპლომატის პოზიციას უაპელაციოდ იზიარებს, ნაწილი კი, გადაწყვეტილების გამო, მედიასაშუალებებს აკრიტიკებს.

სახელისუფლებო პარტიაში ფიქრობენ, რომ ტელეკომპანიების მხრიდან კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება ევროპელი დიპლომატის განცხადებას მოყვა. უმრავლესობა საარჩევნო რგოლების საეთერო ბადიდან ამოღებას მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევად მიიჩნევს და მოითხოვს, რომ ფაქტი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებში მოხვდეს.

არჩევნებამდე 19 დღით ადრე, პოლიტიკური პარტიები აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობენ. ამ ფონზე, სამმა ტელეკომპანიამ მმართველი პარტიის სავალდებულო საარჩევნო ვიდეორგოლის ეთერში გაშვებაზე უარი ოფიციალურად განაცხადა.

დღის ამბები