23 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
კოალიციის ნაცვლად ტექნიკური მთავრობა და ერთ წელიწადში ჩასატარებელი ახალი არჩევნები - სალომე ზურაბიშვილის ახალი სქემა ქარტიაზე ხელმომწერი ოპოზიციისთვის

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქარტიაზე ხელმომწერებს ახალ იდეას სთავაზობს - კოალიციის ნაცვლად ტექნიკური მთავრობა, რომელმაც 26 ოქტომბრის შემდეგ, ახალი არჩევნები უნდა ჩაატაროს. როგორ უნდა შექმნას სალომე ზურაბიშვილმა კოალიცია ფრაგმენტირებულ ოპოზიციასთან? - ამ კითხვით "ევროინიუსი" დაინტერესდა. ინტერვიუში პრეზიდენტმა აღიარა, რომ ეს სირთულეს წარმოადგენს და კოალიციის შექმნა, ამ ეტაპზე, ფაქტობრივად შეუძლებელია. ზურაბიშვილმა ღიად თქვა, რომ ოპოზიციაში საკმაოდ განსხვავებული ხედვები აქვთ და არ აქვთ კოალიციური მთავრობის გამოცდილება. მიაჩნია, რომ ტექნიკური მთავრობა პარტიებისთვის იქნება გარდამავალი ეტაპი.

დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ პროცესს პრეზიდენტი რთულად უყურებს და ოპოზიცია ყველაფერზე შეთანხმებას შეძლებს, ნაწილი კი ღიად ამბობს, რომ ტექნიკური საკითხების განხილვამდე არჩევნებში ჯერ ოპოზიციის გამარჯვებაა საჭირო.

რა საჭიროა ახალი არჩევნები, თუ ოპოზიცია იმარჯვებს? - ეს კითხვა გახარიას გუნდისთვის რიტორიკულია. პარტიას, რომელმაც ქარტიას სულ ბოლომ მოაწერა ხელი, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების იდეის არ ესმის, თუმცა დოკუმენტის მხარდაჭერას პოლიტიკური კომპრომისით ხსნის. მათგან განსხვავებით, ქარტიის ვერც ერთ პირობას ვერ უძებნის ახსნას "გირჩი", რომელმაც ხელი არ მოაწერა და ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა ოპოზიციისთვის დამაზიანებელია.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ 4 წლიანი სტაბილურობის ნაცვლად, სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია საზოგადოებას 1 წლიან ქაოსს სთავაზობს. უმრავლესობის თქმით, დროებით მთავრობის შექმნის პირობა მხოლოდ ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ თავად დოკუმენტი შესასრულებლად არარეალისტურია და ისეთივე მარცხისთვისაა განწირული, როგორც სალომე ზურაბიშვილის ბოლო მცდელობა ოპოზიციაში ახალი გაერთიანება შეექმნა.

საფრანგეთში ჩაწერილი ინტერვიუ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ქართულ ქარტიაზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ საუბრობს. რამდენიმე დღის წინ, გერმანიაში, ემიგრანტებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ, რომელმაც დოკუმენტს ხელი უცხოელების ძალისხმევის შედეგად მოაწერა, იძულებული იქნება, ერთმანეთთან კომპრომისებზეც წავიდეს.

დღის ამბები