23 ნოემბერი 2024,   13:59
ვრცლად
თბილისი-თელავი, მგზავრობის დრო საათი და 20 წუთი - დღეს რეგიონული მასშტაბის პროექტის კიდევ ერთი საგზაო მონაკვეთი გაიხსნა

შემცირებული მანძილი და დაზოგილი საწვავი - მძღოლებს თბილიდან საგარეჯომდე გადაადგილება უკვე ჩქაროსნული გზით შეუძლიათ. კახეთის 4 ზოლიანი მაგისტრალი აღჭურვილია უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებით. გზა, რომელიც ოთხ მჭიდროდ დასახლებულ სოფელსა და ქალაქს უვლის გვერდს, უზრუნველყოფილია განათების სისტემით. მძღოლები ამბობენ, რომ 35 კილომეტრიანი ახალი გზა, მოძრაობას განტვირთავს და ავტოტრანსპორტის გამტარობას სამჯერ გაზრდის.

თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალურ გზაზე 35 კმ-იანი ასფალტ-ბეტონისა და ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი მონაკვეთი აშენდა. განთავსდა 46 საავტომობილო და 4 სარკინიგზო ხიდი. მოეწყო მიწისქვეშა გადასასვლელები. ახალი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 533 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა. მაგისტრალი დღეს პრემიერ-მინისტრმა გახსნა.

ახალი მაგისტრალური გზა კახეთის ძირითადი საგზაო ქსელის გარდა, აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. კახეთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, თბილისიდან თელავამდე მგზავრობა, მხოლოდ საათსა და 20 წუთში იქნება შესაძლებელი.

ახალი მაგისტრალის გახსნამდე, პრემიერ-მინისტრი სოფელ არხილოსკალოში ჩავიდა. მთავრობის მეთაურმა ოლიმპიურ ჩემპიონთან ერთად, ლაშა ბექაურის სახელობის სპორტ კომპლექსი გახსნა. შენობაში ძიუდოს და ჭიდაობის დარბაზები, ასევე ფიზიკური მომზადების და ძალოსნობის სივრცეებია განთავსებული. პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ორი მილიონ სამასი ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

მთავრობის მეთაურმა, კახეთში, დღეს ახალი საბავშვო ბაღიც გახსნა, რომელიც კომპანია "სოკარ ჯორჯიას" და საგარეჯოს მერიის ერთობლივი პროექტია. შენობა, რომელიც 240-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი, თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი.

ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის თითქმის მილიონ ნახევარი დოლარი დაიხარჯა.

დღის ამბები