23 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
საარჩევნო პროცესებში უხეშ ჩარევაზე, "ოცნება" პრეტენზიას აშშ-ს გარდა ევროპელ პოლიტიკოსებსაც უყენებს - კროსის დოკუმენტი, რომლის მოსაზრებებსაც მხოლოდ 24 კოლეგა იზიარებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 დეპუტატის მიერ ხელმოწერილ განცხადებას, სახელისუფლებო პარტია დეზინფორმაციას უწოდებს. დოკუმენტში წერია, რომ "ქართული ოცნება" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აკონტროლებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ განცხადება არ არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალური პოზიცია და ის მხოლოდ 24 დეპუტატის მოსაზრებას ასახავს. სახელისუფლებო გუნდს ეჭვებს განცხადების ავტორის სახელი და გვარიც უჩენს - დოკუმენტის ტექსტი ესტონეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ერიკ კროსმა შეიმუშავა, რომელიც საქართველოში, არაერთხელ დასწრებია საპროტესტო აქციებს და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერია

ერიკ კროსი პოლიტიკური ჯგუფის "ალდეს" წევრია, რომლის წევრიც გიორგი ვაშაძეცაა. ვაშაძე დოკუმენტის შინაარსთან რაიმე კავშირს უარყოფს, თუმცა, ამბობს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების განცხადება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. სრულად იზიარებს განცხადების ტექსტს ოპოზიციის სხვა ნაწილიც.

"მე წარმოვადგენ ევროკავშირს, თქვენ მეკითხებით სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაზე, გთხოვთ ჰკითხეთ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს" - ასე უპასუხა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრთა განცხადებაზე დასმულ შეკითხვას. პაველ ჰერჩინსკიმ დოკუმენტის შინაარსზე კონკრეტულად არაფერი თქვა, თუმცა, იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.

სახელისუფლებო პარტიაში პარტნიორების მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში უხეშ ჩარევაზე საუბრობენ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ დიპლომატებისა და დასავლელი მეგობრების მხრიდან ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები და გზავნილები მხოლოდ ერთ რამეს - არჩევნებზე გავლენის მოხდენას ემსახურება.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრთა განცხადება გუშინ გვიან ღამით გავრცელდა, რომელსაც 612 წევრის ნაცვლად, ხელი მხოლოდ 24-მა მოაწერა. ხელმომწერთა შორის არ არის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.

დღის ამბები