ბლოგერ უჩა აბაშიძის და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საქმის სასამართლო განხილვა გრძელდება - სხდომა დახურული იყო, ვინაიდან საქმე დაზარალებული პირების პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს. პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება, დაკითხეს ერთი მოწმე.
საქმის პროკურორის, ანი ხახანაშვილის თქმით, მოწმემ სასამართლოს ბრალდების დამადასტურებელი ინფორმაცია მიაწოდა.
"ბრალდების მხარემ წარმოადგინა მოწმე, რომელმაც ისაუბრა, იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც გამოძიებას უკვე მოაწოდა და აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები კიდევ ერთხელ დაადასტურა სასამართლოში, რომელიც არის ბრალდების დამადასტურებელი მნიშვნელოვანი გარემოებები. ბრალდების მხარე გააგრძელებს მტკიცებულებების გამოკვლევას და დაიკითხებიან სხვა მოწმეებიც," - განაცხადა პროკურორმა.
დაკავებული ცოლ-ქმრიდან ბრალს მხოლოდ მარიამ იაშვილი აღიარებს, უჩა აბაშიძე დუმილის უფლებით სარგებლობს. სასამართლო სხდომას არცერთი ბრალდებული არ დაესწრო. მათ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-შენახვას და უკანონო იარაღის შეძენა-შენახვას ედავებიან.