საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, შსს-მ შესაბამისი ბრძანება გამოსცა.
“ბრძანების თანახმად, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე, შეიქმნება ტერიტორიული ჯგუფები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან სამართალდარღვევების გამოვლენასა და პრევენციაზე.
არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის ჯგუფებს დაევალათ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება, საჭიროებისამებრ, “პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება.
ბრძანება პოლიციელებს ავალდებულებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი. დაუშვებელია, სამართალდამცველის ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.