საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილ ფორუმში, სადაც ნეტო-აღრიცხვის რეგულირებაზე პრეზენტაცია წარადგინა. ფორუმში, რომელიც ქ. თბილისში, 3-4 ოქტომბერს იმართება მონაწილეობენ ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე სახელწოდებით - „განახლებადი ენერგიის განვითარება და ბაზრის დინამიკა“ სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოში ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმის, განახლებადი ენერგიების განვითარებისა და სემეკის მიერ შემუშავებული რეგულაციების შესახებ.
დავით ნარმანიას თქმით, ბოლო მონაცემების შესაბამისად, ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართულია 1491 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 103 მეგავატს შეადგენს.
სემეკმა ნეტო-აღრიცხვის რეგულაცია 2016 წელს დანერგა. წლების განმავლობაში ნეტო-აღრიცხვის განვითარებისთვის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე გაიზარდა 500 კვტ-მდე, დაინერგა მოხმარებული და წარმოებული კვტ/სთ-ების გაქვითვის პრაქტიკა და ვირტუალური მომხმარებლის პრინციპი. სემეკის რეგულაციების შესაბამისად, ნეტო-აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბი რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.
(R)