23 ნოემბერი 2024,   20:09
ვრცლად
საქართველო წარმატებული რეფორმებისა და სწრაფი განვითარების სიმბოლოდ იქცა - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე

"საქართველო წარმატებული რეფორმებისა და სწრაფი განვითარების სიმბოლოდ იქცა. ქვეყანამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ეკონომიკური თავისუფლების, ბაზრებზე წვდომისა და ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით. ბოლო სამი წლის განმავლობაში, საქართველომ თითქმის 10%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დააფიქსირა, ხოლო 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული, 2.2 მილიარდი აშშ დოლარის შემოდინება მოხდა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ საქართველო- საუდის არაბეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ორმხრივ ბიზნესფორუმში 70-მდე საუდელი ბიზნესმენი მონაწილეობდა, რომლებიც ქვეყანაში საუდის არაბეთის სამეფოს გაერთიანებული პალატების ფედერაციის თავმჯდომარე ჰასან ალ - ჰუვაიზისთან ერთად ჩამოვიდნენ.

"ჩვენი პრიორიტეტია ურთიერთობების განმტკიცება საუდის არაბეთის სამეფოსთან, როგორც ერთ-ერთ წამყვან ქვეყანასთან ყურეში და მთლიანად არაბულ სამყაროში. გამომდინარე იქიდან, რომ ორმხრივი ვაჭრობა და ინვესტიციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში, მოხარულნი ვართ აღვნიშნოთ, რომ ბოლო წლებში, მათ შორის, გასულ წელსაც, შევინარჩუნეთ მზარდი ტენდენცია როგორც ორმხრივ ვაჭრობაში, ასევე საუდის არაბეთის ინვესტიციებში", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, 2023 წელს სავაჭრო ბრუნვა 25 პროცენტით, ექსპორტი კი 13 პროცენტით გაიზარდა. გენადი არველაძემ ასევე აღნიშნა, რომ საუდის არაბეთიდან ინვესტიციების შემდგომი ხელშეწყობის მიზნით, ახლო მომავალში, ორ ქვეყანას შორის  ინვესტიციების ორმხრივი დაცვისა და წახალისების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დაწყება იგეგმება.

მინისტრის მოადგილემ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა 2023 წელს საქართველოსა და საუდის არაბეთის სავაჭრო პალატების მიერ ბიზნეს საბჭოს დაფუძნებას, რომელიც სამუშაო შეხვედრებს რეგულარულად მართავს და ხელს უწყობს ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების დაახლოებას.

"დღევანდელი ბიზნეს ფორუმი არის ჩვენი წარმატებული ურთიერთობების კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და დამატებითი პლატფორმა ჩვენი ქვეყნების ბიზნეს წრეებს შორის საქმიანი კავშირების შემდგომი გაღრმავებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი B2B შეხვედრები, ქართული და საუდის არაბეთის კომპანიების წარმომადგენლებს შორის, იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა საქართველოში საინვესტიციო პოტენციალის შესახებ სიღრმისეული ინფორმაციის მისაღებად", - აღნიშნა გენადი არველაძემ.

მან დადებითად შეაფასა ბიზნეს ფორუმის ფარგლებში ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა Medical Bridge-ს, Polymer Solution-სა  და Gulf Pharma-ს შორის, რომელთა თანამშრომლობის შედეგადაც საქართველოში ორმოცდაათ მილიონზე მეტი ევროს ინვესტიცია განხორციელდება.

ბიზნეს ფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ, გიორგი პერტაიამ გახსნა. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა ვაჭრობის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ტურიზმის, ტრანსპორტის, IT ტექნოლოგიების, მედიცინის, მშენებლობის და სხვა სექტორებიდან. ბიზნესფორუმის შემდეგ, B2B შეხვედრები გაიმართა.

დღის ამბები