ისრაელმა ბეირუთის ცენტრი დამბომბა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 6 და დაჭრილია 11 ადამიანი. ცახალის განცხადებით, ლიბანის დედაქალაქში დარტყმების სამიზნე "ჰესბოლას" ობიექტი იყო, ეს არის პარლამენტისა და გაეროს ოფისების მახლობლად მდებარე სამედიცინო დაწესებულება.
პარალელურად, ისრაელი ლიბანში სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს. თელ-ავივის ჯარი წინ მიიწევს. დაბომბვები გრძელდება ღაზაშიც.
"ჰამასმა" პასუხისმგებლობა აიღო ორი დღის წინ თელავივში მომხდარ თავდასხმაზე, რომელსაც 7 ადამიანი, მათ შორის, საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. ტერორისტულმა ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ორივე მებრძოლი, რომელმაც გაჩერებაზე ხალხს ესროლა, მათი წევრი იყო.
მწვავე ვითარების მიუხედავად, ახლა ისრაელში სადღესასწაულო დღეებია, ისინი ახალ წელს აღნიშნავენ, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. რაც შეეხება, ვითარებას, არის სიმშვიდე, მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან ქუჩებში.
ადგილობრივები "კურიერთან" საუბარში ამბობენ, რომ თავს დაცულად გრძნობენ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წელია საომარ მდგომარეობაში ცხოვრობენ. თელავში თითქმის ყველა შენობაში თავშესაფარია განთავსებული, შესაბამისად,მას შემდეგ, რაც განგაშის სიგნალი ირთვება, მოქალაქეები მომენტალურად ჩადიან თავშესაფარში.
თელავივისგან განსხვავებით, ღამე მშვიდი არ იყო ქალაქ ბათ-იამსში, სადაც ორი უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა თავდასხმა. ისრაელის ძალების ინფორმაციით, თავდაცვითი ძალების სისტემებმა ერთი უპილოტო საფრენი აპარატის განეიტრალება მოახერხა, ხოლო მეორე კი, გაშლილ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რასაც არც მსხვერპლი და არც ნგრევა არ მოჰყოლია.
სადღესასწაულო დღეების მიუხედავად, ისრაელის არმია არ ჩერდება, საომარი მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს სამხრეთ ლიბანის ტერიტორიაზევე, სადაც ცახალი სახმელეთო ოპერაციას აწარმოებს. ამასთან ერთად, გუშინ გვიან ღამით ისრაელმა დაარტყა ლიბანის დედაქალაქს, ცენტრალური ბეირუთის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს, სადაც, ისრაელის არმიის ინფორმაციით, განთავსებული იყო ჰესბოლას ჯანდაცვის შტაბი.
ირანის პრეზიდენტის განცხადებით, მას არ სურს ომი, თუმცა თუ ისრაელი კიდევ მიიტანს იერიშს, ირანი კვლავ განაგრძობ ისრაელზე დარტყმას და ეს იქნება უფრო მასშტაბური, ვიდრე წინა შემთხვევა იყო.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი გეგმავს ირანისთვის პასუხის გაცემას. ისრაელის მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ ეს პასუხის იქნება სადღესასწაულო დღეების დასრულების შემდეგ.