ომი ახლო აღმოსავლეთში და რკინის გუმბათის კიდევ ერთი ტრიუმფი - ისრაელზე ირანის მეორე პირდაპირი თავდასხმაც კრახით დასრულდა.
200-მდე რაკეტიდან, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ თითქმის ყველა ჩამოაგდო. ახლა ყველას აინტერესებს რა პასუხს გასცემს თელ-ავივი თეირანს.
ომის კაბინეტი ფიქრობს, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა შეიძლება ირანის ნავთობის საბადოებს და ატომურ ობიექტებს დაარტყას. განიხილება ნასრალას მსგავსი მიზნობრივი მკვლელობებიც. ირანის რევოლუციის გუშაგთა არმია ირწმუნება, რომ წუხელ პირველად გამოიყენა ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა "ფათხი", თუმცა ისრაელი აცხადებს, რომ თეირანს ზებგერითი რაკეტები არ გააჩნია და ირანიდან გაშვებული 181 რაკეტიდან მანევრირების უნარი არცერთს არ ჰქონდა.
ირანზე პასუხი ჯერ არ არის, თუმცა თელ-ავივმა პროირანულ ძალებს სირიაში დაარტყა. დაბომბილია დამასკოს გარეუბანი. ისრაელის ტერიტორიაზე კი დღეს ჯერჯერობით სიმშვიდეა.
მაშინ, როდესაც რკინის გუმბათი ბალისტიკურ რაკეტებს იგერიებდა, მთელი ისრაელი თავშესაფრებში იყო ჩასული. დაიღუპა მხოლოდ ერთი ადამიანი, ისიც რაკეტის ნამსხვრევისგან. დაინგრა რამდენიმე შენობა.
ავტორი: მიხეილ ხეცოიძე.